საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო. ტრადიციულად, ტურნირში სუპერლიგისა და “ა” ლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს, გამონაკლისი მხოლოდ “ა” ლიგის დებიუტანტია, რომლის ვინაობაც ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ირკვევა და დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად თასის გათამაშებაში სუპერლიგის ყველა მონაწილესთან ერთად “ა” ლიგის 5 გარანტირებული წევრი ასპარეზობს. შესაბამისად, “ა” ლიგიდან გორის “ივერიონის” გარდა თასზე ყველა გუნდია წარმოდგენილი.
გათამაშების ფორმატის თანახმად, განთესილი გუნდები კენჭისყრის შედეგად 1/8-ფინალში წყვილდებიან. ეს და 1/4-ფინალური სერია 2-მატჩიანია. მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები ოთხთა ფინალის საგზურებს მოიპოვებენ. ოთხთა ფინალში სერიები აღარ გათამაშდება და ნახევარფინალთან ერთად ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.
დინამო – თსუ 51:94 (სტატისტიკა)
დღეს რვიდან ოთხ წყვილში სერიის პირველი მატჩები გაიმართა. პირველ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “დინამოს” შეხვდა და დამაჯერებელი სხვაობით 94:51 (სტატისტიკა) დაამარცხა. დინამო ყველა დროის ტიტულოვანი ქართული გუნდია, თუმცა ახლა სხვა დროა და ამ გუნდს ძალიან უჭირს. იმის გამო, რომ სოლიდურ შემადგენლობას არ უყრის თავს, დინამო სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითდა, სადაც ასევე ძალიან გაუჭირდება ადგილის შენარჩუნება.
თსუ-თან რომ უშანსოდაა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო და მატჩმაც გამოაჩინა. თსუ გიორგი ცინცაძის გარეშე თამაშობდა, თუმცა არ გასჭირვებია და მეტოქე 43 ქულით დაამარცხა. მეორე მატჩში ამაზე მეტით თუ არ წააგო (ძნელად სავარაუდოა), უნივერსიტეტის გუნდი მეოთხედფინალში გავა. დღევანდელ მატჩში თსუ-ს ივანე მეგენეიშვილმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 17 ქულა მოაგროვა ნოდარ გოგოძემაც, ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზე 16 დაგროვდა. დინამოში 20 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორ ალქორნი.
ამ წყვილში სერიის მეორე შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.
მეგა – ბათუმი 103:95 (სტატისტიკა)
მეგა საკმაოდ გაძლიერდა და სუპერლიგის საშუალო გუნდების სიაში ჩადგა. ეს გააკეთა ზაკ უოლტონის დამატებამ, რომელმაც წინა და უკანა რგოლები კარგად შეაკავშირა. ის უფრო მეფარეა, მაგრამ სწრაფად დარბის და რაც მთავარია, სამქულიანებს შედეგიანად ესვრის. მისმა შემატებამ მეგას მეტი დამაჯერებლობა და შედეგიანობა შემატა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე კაკტუსს მოუგო, შემდეგ თსუ-ს და ფინალში გავიდა, ახლა კი, თასის გათამაშების 1/8-ფინალურ მატჩში საკმაოდ სოლიდური “ბათუმი” დაამარცხა. ბათუმმაც დაიმატა რიგიანი მოთამაშე – ჯორდან სეშენსი, თუმცა მას გუნდთან შესათამაშებლად საკმარისი დრო არ ჰქონია.
უოლტონზე, როგორც გუნდის შემკვრელზე ვისაუბრეთ, თუმცა მეგას თავისი ლიდერი ჰყავს, რომელმაც ბათუმს 7 სამქულიანი, მთლიანობაში კი 38 ქულა ჩაუგდო და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ზემოთნახსენებმა ზაკ უოლტონმა 4 სამიანი და 18 ქულა ჩააგდო, ოთარ ბულიავამ – 17, მეგამ კი 103:95 დაამარცხა და ბათუმი და საპასუხო მატჩში დიდი გამოცდა ელის. ბათუმი აჭარაში 8-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრას ეცდება და თუკი 9 ქულით იმარჯვებს, მეოთხედფინალში გავა.
სერიის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 18 იანვარს გაიმართება.
ვერა – ქუთაისი 70:100 (სტატისტიკა)
ქუთაისმა საახალწლო შესვენება კარგად გამოიყენა და 2 ლეგიონერის დამატებით ნაკლული შემადგენლობაც შეივსო და თან გაძლიერდა კიდეც. ჩედ ფრეიზერი და ამონდაე კოულმენი ქუთაისელთა ახალი ლეგიონერები არიან და გუნდშია საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, კახა ჯინჭარაძეც, რომელიც ერაყიდან გათავისუფლების ფურცელს ელოდება.
ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ “ვერას” დამარცხება და კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი იმერეთში 30-ქულიანი ჰანდიკაპით გაბრუნდა. ქუთაისელებმა ფაქტობრივად გაინაღდეს მეოთხედფინალის საგზური. დღევანდელ მატჩში გამარჯვებულებს კრისტოფერ უეირმა ულიდერა 23 ქულითა და 15 მოხსნით. 16-16 ქულა ჯარვის რეიმ და ლუკა მაზიაშვილმა მიითვალეს. ჩედ ფრეიზერის ანგარიშზე 14 ქულა და 10 პასი დაგროვდა. ვერაში 31 ქულითა და 8 მოხსნით გამორჩეული სტატისტიკა ახალწვეულმა დერიკ ნიქსმა დააფიქსირა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი რუსთავში 17 იანვარს არის დანიშნული.
გთუნი – ოლიმპი 83:98 (სტატისტიკა)
სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა ოლიმპმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა “ა” ლიგის წარმომადგენელთან. გთუნიმ კარგად დაიწყო, პირველივე პერიოდში 15 ქულით – 26:11 გალიდერდა, თუმცა მეორე პერიოდიდან დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ყველაფერი დაარეგულირეს.
სწრაფი, ზუსტი და დალაგებული თამაშის წყალობით ოლიმპმა 35:16 იმარჯვა და დიდ შესვენებას 7-ქულიანი ლიდერობთ შეხვდა. ამის შემდეგ ოლიმპს მატჩის სადავეები აღარ დაუთმია. თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და სერიის მეორე მატჩის წინ 16-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა, რომელიც, საეჭვოა, გაანიავოს, თუმცა ყველაფერი 17 იანვარს გამოჩნდება.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით ბომბარდირი ლინტონ ესლაისი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო ლუკა კალატოზიშვილი გახლდათ – 16 ქულა, 11 მოხსნა 4 პასი. 15 ქულა და 8 მოხსნა გიორგი ტურძილაძის ანგარიშზეა. გთუნიში 24 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი. 16 ქულა კამარ მაკნაითმა, ხოლო 15 – ენტონი ელსტონმა მიითვალა. ნიკა გოგოხიამ 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და შესაბამისად, 10 ქულა მიითვალა.