სუპერლიგის მე-2 ტურის 19 ოქტომბრის თამაშები დასრულდა. დღის მე-3 მატჩში ბრძოლა არ შედგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო და სუპერლიგა “ბათუმის” ძლევით გახსნა, მეორე ტურის შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ “მგზავრებს” შეხვდა და მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში აშკარად დაჯაბნა. მესამე პერიოდი თსუ-მ 33:20 მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და “მგზავრებმა” მოტივაცია დაკარგა.
საბოლოოდ ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა 103:76 მოიგეს. თსუ-მ წარმატებას გუნდური თამაშის ხარჯზე მიაღწია. სტატისტიკიდან გამომდინარე გამარჯვებულებს გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლიათ. ბომბარდირი 16 ქულით გიორგი კორსანტია გახდა, თუმცა სარგებლიანობით არანაკლებ დევიდ მაკფარლანდი (13 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი) და ჟორჟე მილოსავლიევიჩი (15 ქულა, 6 მოხსნა) გამოირჩნენ. 13 ქულა დააგროვა გიორგი ტურძილაძემ. “მგზავრებში” 19 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი.
2-დან 2 მოგებით თსუ “დინამოსთან” ერთად სუპერლიგის ლიდერია. “,გზავრებს” კი 2 მატჩის შემდეგ მოგება არ აქვთ. მე-2 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 20 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: ვერა – რუსთავი, ოლიმპი – ქუთაისი.
მგზავრები – თსუ
სტატისტიკა: 76:103