მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დღეს ქუთაისში დამყარდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა “ბათუმი” 37 ქულის სხვაობით დაამარცხეს, თუმცა მხოლოდ ეს არ გახლდათ სეზონის საუკეთესო შედეგი. იმერული კლუბის მიერ ჩაგდებული 125 ქულა და 22 სამქულიანი უმეტესია მიმდინარე სუპერლიგაში.
ქუთაისელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა პორტუგალიელ ლეგიონერ ჟოელ ალმეიდას, რომელმაც მასპინძლებს 19 წუთში 20 ქულა მიაშველა. ალმეიდა 2018-19 წლების სეზონში “ტიტებში” თამაშობდა და საქართველოს სუპერლიგაში ადაპტაცია არ სჭირდებოდა.
ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 41:27 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გაარკვიეს. მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და შეხვედრის მეორე ნახევარს ფორმალური ხასიათი მისცეს. ბათუმელთა დაცვა მოშლილი იყო და გასამარჯვებლად შემართულ ქუთაისელებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
საბოლოოდ 125:88 (სტატისტიკა) და ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძლებს 21 ქულით, 10 პასითა და 5 ჩაჭრით კაჰიმ რენსომმა ულიდერა. 20 ქულა ზემოთხსენებულმა ალმეიდამ ჩააგდო, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. “ბათუმში” 20 ქულითა და 8 მოხსნით ნიკოლა ვუიოვიჩი გამოირჩა. 21 ქულა ნემანია კაპეტანოვიჩმა, ხოლო 19 – ბექა ბექაურმა მიითვალეს.
7-დან 7 გამარჯვებით “ქუთაისი” მეორე ადგილზეა, თუმცა მას 3 წაგების მქონე თსუ უსწრებს, რომელსაც იმერულ კლუბზე 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. სუპერლიგის მორიგი მატჩი 22 დეკემბერს რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “დინამო” ჩავა.