სუპერლიგის მე-7 ტურის მორიგი მატჩი ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა “დინამო თბილისმა” “ცხუმ-აფხაზეთი” 5 ქულის სხვაობით – 88:83 დაამარცხა. შეხვედრა დინამოელთა ლიდერობით მიმდინარეობდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა ცხუმელებს და კარგად დაწყებული საქმე გამარჯვებით დააგვირგვინა.
პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:13 მოიგეს და უპირატესობა დიდ შესვენებამდე კიდევ ქულით გაზარდეს. ლუკა ბულაშვილის, ტაილერ უოლიამსის და სედრიკ ქაუნსილის წინამძღოლობით თბილისელებს შეტევაში პრობლემები არ ჰქონიათ, რის ხარჯზეც პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით იგებდნენ. დიდი შესვენების შემდეგ ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა თამაში გამოასწორეს და კვან უოლერის მექულეობით ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.
კრიტიკულ მომენტში დინამოელები მაგრად დადგნენ. დაცვის ხარჯზე მათ მოახერხეს ცხუმელთა შეტევებისაგან თავდაცვა და ბოლო პერიოდში ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ანთაძის გუნდს ძალა არ ეყო, რომ თამაში შემოებრუნებინა და მიმდინარე სუპერლიგაში 3 მოგების წილ მე-3 მარცხი განიცადა. ხოლო “დინამო” 4 მოგებითა და 2 მარცხით “ბათუმს” მეორე პოზიციაზე გაუთანაბრდა.
“დინამოს” 24 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 22 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა სედრიკ ქაუნსილს, ხოლო ტაილერ უილიამსმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ცხუმ-აფხაზეთში ერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს და ის გახლდათ 36 ქულის მომხვეჭი კვან უოლერი.
23 ნოემბრის ბოლო მატჩში ერთმანეთს “ვერა” და “ოლიმპი” შეხვდებიან.
ცხუმ-აფხაზეთი – დინამო
სტატისტიკა: 83:88