მე-20 ტურის ბოლო მატჩში მოქმედი ჩემპიონი “დინამო” და “კაკტუსი” შეხვდნენ. დღეს გამართული “მარნეული” – “მგზავრების” მსგავსად, არც ამ მატჩში შედგა ბრძოლა. დინამოელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და ისე, რომ მეტოქისთვის წარმატების შანსი არ მიუციათ, მორიგი გამარჯვება მოიპოვეს – 76:62.
“დინამომ” ჩემპიონატი რიხიანად დაიწყო და ახალ წლამდე ერთპიროვნულ ლიდერად მივიდა, თუმცა ახალდაწყებულ 2018 წელში უკვე 6 მარცხი განიცადა და ცხრილის შუისკენ დაეშვა. დინამოელებს აშკარად ჩავარდნა ჰქონდათ და სანაკრებო ფანჯარამ მათზე დადებითად იმოქმედა. მცირე შესვენების შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა საკმაოდ ძლიერ “კაკტუსთან” მაღალ დონეზე ითამაშა და ჩემპიონატში მე-12 გამარჯვება მოიპოვა.
დინამოელებს აკლდათ მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც ნაკრებში თამაშისას თითის ძვალი გაიბზარა და ახლა გარკვეულ დროს უქმობა მოუწევს. ერთ-ერთი ლიდერის არყოფნაში “დინამოს” ილია ლონდარიძემ ულიდერა, რომელმაც 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ამერიკელმა ლეგიონერმა რეივენ ლიმაც 16 ქულა მიითვალა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი კაელ ტურპინი გახდა – 11 ქულა, 15 მოხსნა. “კაკტუსში” 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ დეანდრე რეიმ გადალახა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩები 6 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„შესვენების პერიოდში, სამწუხაროდ, კიდევ დაგვაკლდა მოთამაშე – მიხეილ ბერიშვილი, გაურკვეველი დროით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ვიცოდით, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებოდით და მაქსიმალურად მოვემზადეთ, შედეგიც სასურველია. ახლა ისღა დაგვრჩენია, ამ შემადგენლობით გავაგრძელოთ ვარჯიში შემდეგი თამაშებისთვის.“
არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:
„ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. ამან გამოიწვია ის, რომ გუნდი თავიდანვე აირია, შესაბამისად, გაიმარჯვა ძლიერმა.“
დინამო – კაკტუსი
სტატისტიკა: 76:62