ორიდან 2 გამარჯვება უშუალო კონკურენტებთან – საკალათბურთო კლუბ “ვერას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასეთია დავით გასიტაშვილის მონაგარი, რომელიც ამ გუნდის პრეზიდენტი და ერთ-ერთი მეპატრონეა და მწვრთნელობა უცხოელი სპეციალისტის ჩამოყავანამდე, დროებით გადაწყვიტა. მიზეზთა გამო, მიმდინარე სეზონში ვერელები 2 სპეციალისტს – ირაკლი ხოშტარიას და ლევან ფაცაციას დაშორდნენ, თუმცა მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე საკითხავი ხდება, მოიყვანს თუ არა ხელმძღვანელობა გუნდში ახალ მწვრთნელს.
სუპერლიგაში დონე იმდენად თანაბარია, ყველა ყველას კონკურენტი გამოდის, თუმცა ცხრილში გვერდით მყოფი გუნდის დამარცხება მეტად ფასობს. ამის გათვალისწინებით, ვერელებმა უმნიშვნელოვანესი მატჩები მოიგეს: წინა ტურში “ტიტები” უშანსოდ – 80:51 დაამარცხეს, ხოლო დღეს “დინამოს” 92:77 (სტატისტიკა) სძლიეს. ბოლო გამარჯვება საერთოდ საარაკო გამოდგა, რადგან ისეთი მოულოდნელი რამ დაფიქსირდა, სეზონები გავა და ალბათ ანალოგიურ ეპიზოდს ვეღარ ვნახავთ.
შეხვედრის დასრულებამდე 5:45 წუთი რჩებოდა, როცა ვლადიმერ თავაქარაშვილმა სამიანი ჩააგდო და დინამო 77:71 დააწინაურა. ზემოთნახსენები მოულოდნელობა კი ის გახლავთ, რომ დარჩენილ დროში დინამოელებმა ბურთი ვეღარ ჩააგდეს, ვერელებმა კი უხვად იხვეჭეს და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით იმარჯვეს. ანუ ვერამ მატჩის ბოლო ხუთწუთნახევარში 21:0 სძლია მეტოქეს, რომელსაც ცხრილში მხოლოდ 1 მოგებით უსწრებდა.
ზემოთაღნიშნული 21-ქულიანი გაქცევის დროს 8 ქულა ვერელთა კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ მიითვალა, რომელიც ნომინალური ცენტრია და მეტოქისთვის მოულოდნელად 2 სამქულიანი ზუსტად შეასრულა. ისტორიული გაქცევისას 8 ქულა ამ მატჩის ბომბარდირმა ბრაისონ სკოტმა მიითვალა, 3 – ლუკა მაზიაშვილმა და ორიც – აარონ პარკსმა.
არადა, ხსენებულ ეპიზოდამდე თამაში ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით – 44:44 დასრულდა, ხოლო მესამე პერიოდის შემდეგ დინამოელები 65:64 იგებდნენ. და სწორედ მაშინ, როცა ასეთ თანაბარ ბრძოლაში მუჰამედ ტაჩის გუნდმა ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწია და თამაშის დასრულებამდეც ცოტა დრო რჩებოდა, ვერელებმა მეტოქეს ისეთი სიურპრიზი შესთავაზეს, კარგა ხანს გასახსენებლად რომ ექნებათ კალათბურთის ქომაგებს.
შეხვედრის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე ვერელთა ამერიკელი ლეგიონერი, ჯოშ ჰავლი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. არანაკლებ შედეგიანი იყო გივი ბაქრაძე. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა 17 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 26 ქულით ბომბარდირი ბრაისონ სკოტი გახდა. 10-10 ქულა-მოხსნა აარონ პარკსმა, ხოლო 10 ქულა – ვახტანგ ქადარიამ მიითვალა. დინამოს ცენტრიც კარგად ისროდა სამიანებს – მაიკლ ედვარდსმა 6-დან 4 შორი სროლა და ჯამში 21 ქულა ჩააგდო, თუმცა სამიანები მხოლოდ პირველ პერიოდში მიითვალა. 15-15 ქულით დაასრულეს შეხვდრა ტაილერ უილიამსმა და ჯამალ რაითმა.
სუპერლიგის მიმდინარე ტურის ბოლო შეხვედრა 7 მარტს, აჭარის დედაქალაქში გაიმართება: “ბათუმი” “კაკტუსის” წინააღმდეგ.