“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა “მეგამ”, რომელმაც ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა 66:70 დათმო “ორბთან”, დღეს დამსახურებული რევანში აიღო და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1. შესაბამისად, დაინიშნა მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც 19 აპრილს, 12:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და რომლის გამარჯვებულიც “ა” ლიგის ფინალში გავა.
გუგა პატარაიას გაწვრთნილი მეგა სერიის მეორე მატჩის სათამაშოდ მობილიზებული გავიდა. თანაბარი თამაში მხოლოდ სადებიუტო წუთებში გაჩაღდა, რის შემდეგაც მეგას მოთამაშეებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და რაც დრო გადიოდა, ლიდერობას ზრდიდნენ. პირველი პერიოდი მეგამ 26:21 მოიგო, ხოლო მეორეში 22:15 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
ორბის მცდელობა, რამე შეეცვალა, კრახით დასრულდა. მეგას კალათბურთელები ისეთი შემართებით და რაც მთავარია, გონივრულად თამაშობდნენ, რომ შეხვედრამ ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე აზრი დაკარგა. მეგას უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და გაირკვა, რომ სერიაში ყველაფერს მესამე მატჩი გადაწყვეტს.
საბოლოოდ მეგამ 87:67 (სტატისტიკა) იმარჯვა, რაშიც ლომის წილი ამერიკელ ლეგიონერებს – ჯერმეინ მეროუს და ასტონ ფრენსის მიუძღვით. პირველმა 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ფრენსის ანგარიშზე 25 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ორბში 17 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა ლოლიშვილი. 11 ქულა და 8 მოხსნა დიაგო ქუინის ანგარიშზეა.
დღესვე გაიმართება მეორე ნახევარფინალური სერიის მატჩი. კავკასია 1:0 უგებს ზესტაფონს და ფინალამდე 1 მოგება აშორებს.