საკალათბურთო კლუბი “მეგა” “ა” ლიგის ფინალშია. გუგა პატარაიასა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში 95:84 (სტატისტიკა) დაამარცხა “ორბი” და სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტ რაუნდში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგის გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. “მეგა” ფინალშია და ელოდება მეტოქეს, რომელიც ან “კავკასია” იქნება, ან “ზესტაფონი”. ამ გუნდების ნახევარფინალური დაპირისპირებაც გადამწყვეტ მატჩამდეა მისული, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 14:30 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება მეგა-ორბის დაპირისპირებას, გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, ემოციური და სანახაობრივი გამოვიდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბელები დებიუტში ჩინებულად ირჯებოდნენ, სწრაფ შეტევებსაც წარმატებით ახორციელებდნენ და შორ თუ საშუალო სროლებსაც აგდებდნენ. შედეგად, ტომარაძის გუნდის უპირატესობამ პირველი პერიოდის მიწურულს 7 ქულას მიაღწია (27:20), თუმცა მეგას მისმა ლეგიონერებმა უშველეს. დიდებული მიზანი გამოავლინა ჯერმეინ მეროუმ, რომელმაც ზუსტი სამქულიანებით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეორე პერიოდიდან კი მეგას ლიდერობა დაუბევა.
მეროუს ფეხი კარგად აუბა აშტონ ფრენსისმა, ხოლო დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებდა კიდევ ერთი ამერიკელი – ტრევონდ ბარნსი. მეორე პერიოდი მეგამ 34:13 (!) მოიგო და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა. 15-წუთიანი დასვენება კარგად გამოიყენეს ორბელებმა, რომლებმაც მოედანზე დაბრუნებისთანავე დაიწყეს ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა კარგად დაწყებული საქმე მეგამ მედგარი დაცვით გააჩერა.
ჯორდან უოკერის, დიაგო ქუინისა და ლევან ლოლიშვილის შედეგიანობით ორბმა ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოაცილა, მაგრამ საკვანძო მომენტში აღარ გაუმართლა. ბოლო პერიოდის შუაწელში, როცა მეგა 6 ქულას იგებდა, ორბის უკანახაზელი ნიკა ლეონიძე სწრაფ შეტევაში წავიდა, რომელსაც რომ ჩაეგდო, ჩამორჩენას 4 ქულამდე შეამცირებდა, თუმცა მას ფრენსისმა დაუფარა და საპასუხო შეტევაში მეროუმ სამქულიანით მეგას 9-ქულიანი ლიდერობა მოუტანა.
დარჩენილ დროში ორბი ბევრს ეცადა, მაგრამ ვითარების დაძაბვა ვერ მოახერხა. მეგა-ს სამარქაფო ნიკა რამიშვილმაც გაუმართლა, რომელმაც დასკვნით წუთბში არაერთი გარღვევა ორქულიანით დააგვირგვინა და დაცვაშიც არაფერს თმობდა. საბოლოოდ გუგა პატარაიას გუნდმა თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა და “ა” ლიგის ფინალში გავიდა. “ორბისთვის” კი მიმდინარე სეზონი დასრულდა.
გამარჯვებულებს ჯერმეინ მეროუმ ულიდერა 38 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით. 24 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი ასტონ ფრენსისმა მიითვალა. ლუკა გიორგაძემ ფინალისტებს 12 ქულა მიაშველა. ორბის შემადგენლობაში 31 ქულით ჯორდან უოკერი გამოირჩა. დიაგო ქუინმა 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ლევან ლოლიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.