დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ “ა” ლიგის მორიგ ტურს უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ეპიდვითარების გამო წინა, მე-3 ტური გადაიდო, დღეს კი სამივე შეხვედრა დაგეგმილად ჩატარდა. გათამაშების ლიდერმა გთუნიმ (გრიგოლ თავართქილაძის უნივერსიტეტი) მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგიდან დაქვეითებული “მგზავრები” დიდი სხვაობით – 108:68 (სტატისტიკა) დაამარცხა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, გთუნის არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. “მგზავრები” მიმდინარე სეზონის აშკარა აუტსაიდერია, რომელსაც ერთი ლეგიონერიც არ ჰყავს და ძირითადად ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. თავართქილაძის უნივერსიტეტელებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. სათამაშო დრო თითქმის ყველას თანაბრად მიეცა, რაც უფრო ვარჯიშს ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ მეტოქესთან მატჩს.
მომდევნო მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. “მარგვეთი” მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში უგებდა “ორბს”, რომელმაც თამაში მესამე პერიოდში გარდატეხა და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 83:75 (სტატისტიკა). “ორბი” გთუნისთან ერთად “ა” ლიგის დაუმარცხებელი გუნდია, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
გამარჯვებულებს 16 ქულით, 7 მოხსნითა და 5-5 ჩაჭრა-პასით ჯამალ რაითმა ულიდერა. 15 ქულა ნიკა ლოლიშვილმა, ხოლო 13 – მისმა ძმა ლევანმა მოაგროვეს. “მარგვეთში” 31 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარეტ ჰენდერსონი. 16 ქულა აიზია ლიუისის ანგარიშზე დაგროვდა.
დღის და ტურის ბოლო მატჩში “კავკასიამ” “ა” ლიგის დებიუტანტი “ასტრალი” დაამარცხა – 97:79 (სტატისტიკა). “ასტრალი” თავიდან იგებდა, თუმცა კავკასიელებმა ზეშედეგიანი მეორე პერიოდი ითამაშეს, რომელიც 31:13 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ასტრალელებმა მოინდომეს და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ტატო ზუზაძის და რა თქმა უნდა, მაიკ ბალოგანის შედეგიანობით მეტოქე ისევ ჩამოიტოვეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს.
გამარჯვებულებს 38 ქულით ბალოგანმა ულიდერა, რომელმაც 8 სამიანი ჩააგდო. რაილი ჰეიესის ანგარიშზე 21 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა. ტატო ზუზაძე გამარჯვებულებს 13 ქულით შეეხიდა. “ასტრალში” 26 ქულით ქულით საუკეთესო იყო ევან ჰინსონი. ევან მილიგანის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
“ა” ლიგის მომდევნო ტურის სამივე მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.