“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 მატჩი დარჩა, თუმცა ნახევარფინალური წყვილები უკვე გამოვლინდნენ. აქამდე ცნობილი იყო იმ 4 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებდნენ, მაგრამ ბოლო ტურს უნდა გაერკვია, რომელი გუნდი რა ადგილს დაიკავებდა და შესაბამისად, ნახევარფინალში ვინ ვის შეხვდებოდა.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ პირველ შეხვედრაში პირველ და მეოთხე ადგილებზე მყოფი “მეგა” და “ორბი” დაუპირისპირდნენ. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ ორბელებს შანსი ჰქონდათ, მესამე ადგილზე აენაცვლათ. ამისთვის მეგა უნდა დაემარცხებინა და მომდევნო მატჩში ზესტაფონის კავკასიასთან დამარცხებას დალოდებოდა.
თავისი წილი მოსაგები ორბელებმა ვერ მოიგეს. მართალია, გიორგი სიმონიშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ორბი ბოლო პერიოდში 58:55 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მეგამ დიდებულად ითამაშა, დასკვნითი ათწუთეული 37:25 მოიგო და საბოლოოდ 87:77 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ეს გახლდათ ქართველი მოთამაშეების ზეობის მატჩი, რადგან ყველაზე შედეგიანები სწორედ ადგილობრივები გახდნენ.
მეგაში სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა გიორგი მეცხოვრიშვილმა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა. ასევე სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა ლუკა გიორგაძეს: 19 ქულა, 11 მოხსნა. 14 ქულა ნიკა რამიშვილის ანგარიშზეა. ორბიში საუკეთესო შედეგიანობა გიორგი სიმონიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 13 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა მოაგროვა. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა მაჭავარიანი, 17 ქულა და 8 მოხსნა დავით დეკანოიძის ანგარიშზეა.
ამ მატჩის შედეგმა საბოლოოდ განსაზღვრა ცხრილში ადგილები. მომდევნო მატჩის შედეგი ცხრილზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში “კავკასია” მეორე ადგილზე გადიოდა და “ზესტაფონი” – მესამეზე. შეხვედრა კავკასიელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 82:67 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ასე და ამგვარად, ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: მეგა – ორბი და კავკასია – ზესტაფონი. ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალი 3 გამარჯვებამდე გაგრძელდება.
თუ საჭირო გახდა, სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩები 19 აპრილს გაიმართება.