სუპერლიგას ახალი წევრი შეემატა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რეგიონის გუნდების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. 2023-2024 წლების სეზონში ტყიბულს სუპერლიგაში საკუთარი გუნდი ეყოლება. საკალათბურთო კლუბმა “ორბმა”, რომელიც თბილისური ორგანიზაციაა, თუმცა მიმდინარე სეზონის წინ ტყიბულში გადავიდა, “ა” ლიგის ფინალური სერია მოიგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა. ირაკლი ტომარაძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა სერიის მე-4 მატჩში სტუმრად, 99:81 (სტატისტიკა) მოუგო გორის “ივერიონს” და “ა” ლიგის ჩემპიონი გახდა.
ფინალური სერია ტყიბულელებმა 2 საშინაო გამარჯვებით გახსნეს და საბოლოო გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. სერიის მომდევნო, მე-3 მატჩი ივერიონმა საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო, რითაც ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა სერიაში საერთო ანგარიშის გასათანაბრებლად ძალა აღარ ეყო. ტყიბულელებმა მომდევნო და მათთვის გადამწყვეტი მატჩი დამაჯერებლად მოიგო.
გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ დემარკუს ეიდი და კენი კუპერი. ეიდიმ 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, კუპერმა 20 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. 23 ქულა დააგროვა მიხეილ ჭოჭუამ. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალი, რომელზეც სუპერლიგის ახალი წევრის, ორბის მოთამაშეებს შესაბამისი მედალიონები, სიმბოლური საგზური და თასი ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.