“ა” ლიგის პლეი ოფი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გასულმა “ორბმა” პირველადგილოსანი “მეგა” 70:66 (სტატისტიკა) დაამარცხა და ორ მოგებამდე განგრძობად ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვების მომტანი ბურთი 18 წლის გიორგი სიმონიშვილმა ჩააგდო. ახალგაზრდა მოთამაშეს მთლიანობაში ბევრი არ ჩაუგდია, თუმცა ორბის მწვრთნელმა, ირაკლი ტომარაძემ ის საკმაოდ სოლიდური დროით – 24 წუთით ათამაშა. მიზეზი დაცვაში გონივრული და შედეგიანი თამაშია, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა, სიმონიშვილმა ბურთიც ჩააგდო და თანაც -გამარჯვების.
შეხვედრის დასრულებამდე 11.4 წამით ადრე, როცა ორბელები 67:66 იგებდნენ, გიორგი სიმონიშვილმა მარცხენა კუთხიდან გამარჯვების სამქულიანი გაისროლა, რომელიც კალათში ჩაეშვა და ბოლომდე მებრძოლი “მეგა” საბოლოოდ გატყდა.
აქვე ვთქვათ, რომ სიმონიშვილმა მთლიანობაში 7 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. გამარჯვების ბურთამდე მას 4-ვე სამქულიანი აცილებული ჰქონდა, მაგრამ… მწვრთნელი მას ბოლომდე ენდო და ახალგაზრდა მოთამაშე პირველად, მისი გუნდში ყოფნის პერიოდში თანაბარი ბრძოლისას ბოლო წუთებზე მოედანზე დატოვა. უნდა ითქვას, რომ ორბმა გუნდური თამაშით მოიგო. სხვა გზით მძლავრი “მეგას” დამარცხება, რომელსაც აქამდე “ა” ლიგის გათამაშებაში მხოლოდ 1 მარცხი ჰქონდა განცდილი, შეუძლებელია.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო დიაგო ქუინი, რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა ჯორდან უოკერს, ხოლო 13 – ნიკა ლოლიშვილს. მეგაში 16 ქულით საუკეთესო იყო მამუკა ბაზუაშვილი, 14 ქულა ლუკა გიორგაძის ანგარიშზე დაგროვდა.
ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 18 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში “ორბი” ფინალში გავა. ხოლო თუ წააგებს, დაინიშნება მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც 19 აპრილსაა დანიშნული.