საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გამსვლელ საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვდა.
ქართველებმა ტურნირი შვედეთთან უიმედო მარცხით (50:82) დაიწყეს, თუმცა მას შემდეგ ჯგუფის ოთხივე მეტოქე დაამარცხეს და სკანდინავიელთა კვალზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. გადამწყვეტი ჯახი ქართველებს პორტუგალიასთან ჰქონდათ, რომელსაც კაზანჯიანის გუნდის მსგავსად ერთადერთი მატჩი შვედეთთან წაეგო. გამარჯვებული გუნდი მეორე ადგილს იკავებდა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადადიოდა, დამარცხებუს კი საკვალიფიკაციიო ჯგუფი და საუკეთესო შემთხვევაში მე-9 ადგილის დაკავება ელოდა.
საქართველომ ღირსეულად გადაიტანა პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი ბრძოლა. კაზანჯიანის გუნდმა პირველი პერიოდი 11:15 წააგო, მეორე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი 19:27 ჩამორჩა და საკმაოდ რთულ ვითარებაი აღმოჩნდა. ქართველებმა თამაშის დალაგება მოახერხეს, შეტევაში კი დავით ლომიძემ ისახელა თავი და პირველი ტაიმის ბოლოსთვის ჩვენებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.
მერე გაჩაღდა თანაბარი ბრძოლა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან მეორე, სანამ ბოლო წუთებმა არ მოატანა და გადამწყვეტ მომენტში კვლავ ქართველებმა იძალეს. შეხვედრის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 61:55 დაწინაურდა, რაც მწირექულიან, დაცვაზე ორიენტირებულ მატჩში სოლიდური ჰანდიკაპი გახლდათ. პორტუგალიელები ვა-ბანკზე წავიდნენ, მთელი თავიანთი რესურსი ჩააქსოვეს მატჩში და ჩამორჩენა ბოლო წუთზე 2 ქულამდე შეამცირეს.
პორტუგალიელებმა კარგი დაცვის ხარჯზე ბურთის მოპოვება და გამთანაბრებელი შეტევის წამოწყების უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ქართველების საპასუხო დაცვითმა თამაშმა მათაც დააკარგვინა ბურთი. შემდეგ გუნდებმა თითო აცილებული სროლა გაცვალეს და შეხვედრაც დასრულდა – 62:60 საქართველოს სასარგებლოდ.
ქართველებს 21 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა. ფარქვეშ შეუდარებელი იყო ვილი ისიანი, რომელმაც 14 მოხსნა მიითვალა, დავით აფხაზავას ანგარიშზე კი 8 ქულა და 6 პასი დაგროვდა. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც შვედეთთან მარცხი გადაჰყვება, მეტოქეებად კი ისლანდია და ისრაელი ეყოლება და წარმატების შემთხვევაში, თუკი საუკეთესო ორეულში კვლავ მოხვდებიან, ნახევარფინალში გავლენ.
ავსტრიაში მიმდინარე ტურნირის მიზანი საუკეთესო 3 გუნდის გამოვლენაა, რომლებიც მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – „ა“ დივიზიონში იასპარეზებენ.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 27 ივლისი
საქართველო 62:60 პორტუგალია
11:15, 14:12, 16:14, 21:19
სრული სტატისტიკა: 62:60