საკალათბურთო ”ა” ლიგა სტარტს 14 მარტს აიღებს

საკალათბურთო ”ა” ლიგა სტარტს 14 მარტს აიღებს

კალენდარი 14 მარტს სტარტს
აიღებს „ა“ ლიგა, რომელიც ქართული კალათბურთისთვის ისტორიულია. პროფესიულ დონეზე საქართველოში
აქამდე მხოლოდ უმაღლესი ლიგა (2008 წლიდან სუპერლიგა) არსებობდა. მიმდინარე წლიდან
კი სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი „ა“ ლიგა დაიწყება, რომელშიც 6 გუნდი მიიღებს
მონაწილეობას და საუკეთესოებს სუპერლიგაში გადასვლის პერსპექტივა ექნებათ.

„ა“ ლიგაში მონაწილეობის
11-მა მსურველმა შესარჩევ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო 6-მა მათგანმა ლიგის
საგზური მოიპოვა. ესენი არიან: არენა-76, კაქტუსი,
თსუ, სეუ-ჰიუნდაი, გორის „დილა“ და „წყალტუბო“.

ექვსივე გუნდი
ერთ ჯგუფში იქნება თავმოყრილი. გაიმართება 2 წრე, რომლის დასრულების შემდეგაც ცხრილში
1-2 ადგილებზე გასული გუნდები სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდებთან საკვალიფიკაციო
მატჩების სერიას ჩაატარებს. სუპერლიგის ბოლოადგილოსანი „ა“ ლიგის გამარჯვებულს შეხვდება,
ხოლო VII ადგილზე გასული – „ა“ ლიგის მეორეადგილოსანს. სერიაში გამარჯვებული გუნდები
2015-16 წლების სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

„ა“ ლიგის მატჩები
თბილისის სპორტის სასახლეში, საკალათბურთო აკადემიასა და სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება.
წყალტუბოში უმასპინძლებს საშინაო თამაშებს ლიგის მონაწილე ამავე სახელწოდების გუნდი.

პირველი ტურის
მატჩები 14 მარტს საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. „ა“ ლიგას ექნება საკუთარი ოფიციალური
ვებ-გვერდი (www.a-league.ge), სადაც მატჩების მსვლელობა ლაივ-რეჟიმში გაშუქდება. ტურნირის
მსვლელობის შესახებ გულშემატკივარი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.  

‘’ა’’ ლიგის დაწყებასთან
დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა,
რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ‘’ა’’  ლიგაში მოასპარეზე გუნდებიც დაეწრნენ.
გიორგი ზაბახიძე(საშეჯიბრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუპერლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების აღმასრულებელი დირექტორი”): ”ა” ლიგის სახით ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვულოცავ მთელ საკალათბურთო სამყაროს ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის და საკლუბო მენეჯმენტის განვითარებას, ასევე, მოთამაშეების სტაბილურ და ხანგრძლივ ურთიერთობას გუნდებთან. მნიშვნელოვანია, რომ სუპერლიგის და ”ა” ლიგის გუნდები ფედერაციისგან სამინისტროს დახმარებით კალათბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ. სუპერლიგა და ”ა” ლიგა ბევრად უფრო საინტერესო გახდება, მოიმატებს თამაშის ხარისხი და დონე, რაც მეტი მაყურებლის მოზიდვაში დაგვეხმარება. წარმატებებს ვუსურვებთ ”ა” ლიგაში მოასპარეზე გუნდებს. 

ვლადიმერ ბოისა(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):
 დიდი ხანი ვფიქრობდით ”ა” ლიგის გაკეთებას. პირველი ლიგა სპორტულ მოტივს და შანსს მისცემს სხვა გუნდებს, რომ
იბრძოლონ ეროვნულ ჩემპიონატში მოსახვედრად. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს უმაღლესი
და ქვედა ლიგა და ახლა უკვე ჩვენთანაც ასე იქნება. ყოველ წელს 2 საუკეთესო გუნდი ‘’ა” ლიგიდან სუპერლიგაში გადასვლის შანსს მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე
ბევრმა გუნდმა გამოთქვა შესარჩევში მონაწილეობის სურვილი. სასიხარულოა, რომ ა ლიგის
6 საუკეთესო გუნდს შორის 2 რეგიონის წარმომადგენელია – წყალტუბო და გორის დილა. ა ლიგა
ნამდვილად შეუწყობს ხელს საქართველოში კალათბურთის განვითარებას. მინდა აღვნიშნო კიდევ
ერთი მომენტი. სუპერლიგის გუნდები უკვე ეროვნული ჩემპიონატის მიღმა დარჩენის საფრთხის
წინაშე დგებიან და ამიტომ, ბევრად სერიოზულად მოეკიდება ყველა გუნდი საქმეს.

აჩიკო ჟღენტი(,,კაკტუსის’’ მთავარი მწვრთნელი): ”ა” ლიგის შექმნა ადრეც უნდა მომხდარიყო და მისასალმებელია, რომ დღეს უკვე არსებობს ეს
ლიგა. პირველ რიგში ეს იმ მოთამაშეებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც გუნდების გარეშე
რჩებოდნენ. ძალიან დიდია იმ კალათბურთელთა რაოდენობა, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ სუპერლიგის
გუნდებში და ანებებდნენ თამაშს თავს, “ა” ლიგაში კი ისინი  დაუბრუნდნენ კალათბურთს. შესარჩევი ეტაპი ძალიან
მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, სწორად იყო შერჩეული სისტემაც და ვფიქრობ, ყველაზე
ძლიერი გუნდები გავიდნენ ექვსეულში. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ის ყოფილმა კაქტუსელებმა
შევქმენით და ამაში თბილისის ‘’დინამოც’’ დაგვეხმარა. ამ ეტაპზე ჩვენი პირველი მიზანი
საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრაა, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ირაკლი ტომარაძე(,,არენა 76’’-ის მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ყველა გუნდს ‘’ა” ლიგის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ
მათ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ზურაბ ტომარაძემ ვერ შეძლო გუნდის მწვრთნელობის
გაგრძელება და ‘’არენა 76’’ მე ჩავიბარე. მოტივირებულები ვართ და შევეცდებით, წარმატებულად
ვიასპარეზოთ.

ნუგზარ ჭეიშვილი(,,თსუ’’-ს მთავარი მწვრთნელი):
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას “ა” ლიგის
შექმნისთვის. საკმაოდ ბევრმა გუნდმა გამოთქვა შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის სურვილი,
როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდი რესურსი არსებობს. ბევრი მოთამაშე, რომელიც უგუნდოდ იყო,
დაბრუნდა კალათბურთში. გუნდებს შანსი მიეცემათ ეროვნულ ჩემპიონატში მოხვდნენ წარმატებული
ასპარეზობის შემთხვევაში. ეს არ არის მხოლოდ აზარტი, არამედ სწორედ აქ მოხდება კალათბურთის
განვითარება. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ,,თსუ’’ წლების განმავლობაში თამაშობდა სუპერლიგაში
და შევეცდებით, ადგილი კვლავ მოვიპოვოთ. მადლობას ვეტყვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს
დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.

ლაშა თოიძე(,,გორის დილის’’ მთავარი მწვრთნელი):
მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და ასევე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს,
რომელიც დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენს სურვილს, ”ა” ლიგის შესარჩევ ეტაპში მიგვეღო მონაწილეობა.
სასიხარულოა, რომ საუკეთესო 6 გუნდს შორის მოვხვდით და შევეცდებით, წარმატებით ასპარეზობა
გავაგრძელოთ. ჩვენი მუნიციპალიტეტი ამაში მაქსიმალურად გვეხმარება.

გიორგი არუთინოვი(,,წყალტუბოს’’ მოთამაშე):
ჩვენმა გუნდმაც დიდი მხარდაჭერა მიიღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან. პირველად მოხდა
ისტორიაში, რომ ჩვენმა გუნდმა ასეთ წარმატებას მიაღწია და “ა” ლიგაში იასპარეზებს. შევეცდებით,
რეგიონი წარმატებულად წარმოვადგინოთ და საკალათბურთო ოჯახს ჩვენი სახით ღირსეული წევრი
შეემატოს.

გიორგი მინდორაშვილი(‘’სეუ-ჰიუნდაის’’ მენეჯერი):
პირველ რიგში, დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს
კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ”ა” ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული გუნდისთვის.
ჩვენც ვიბრძოლებთ ოთხეულში მოსახვედრად. როგორც უკვე ითქვა, ასეთ დროს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მენეჯმენტი და ვფიქრობ, ამ კუთხით უკვე გადავდგით წარმატებული ნაბიჯები,
მადლობას ვეტყვი ჩვენს ორივე სპონსორს – ‘’სეუს’’ და ‘’ჰიუნდაის’’.

 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი  (www.msy.gov.ge)