მე-2 ტურის შემდეგ დაუმარცხებლები წყალტუბო და არენა დარჩნენ

მე-2 ტურის შემდეგ დაუმარცხებლები წყალტუბო და არენა დარჩნენ

შედეგები „ა“ ლიგის მეორე ტური ორ ქალაქში გაიმართა. 27 მარტს
ერთი მატჩი წყალტუბოში ჩატარდა და ეს თარიღი ამ ქალაქისთვის ისტორიულია. პირველად,
წყალტუბოს საკალათბურთო გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის („ა“ ლიგის) მატჩს
უმასპინძლა. საკმაოდ კარგი შემადგენლობის და შედეგების მქონე „წყალტუბო“ „ა“ ლიგაში
და მის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუმარცხებელ „კაკტუსს“ შეხვდა და  17-ქულიან გამარჯვებას მიაღწია – 86:69.

არადა, კაკტუსელები ბოლო მეოთხედამდე ბრწყინვალედ თამაშობდნენ
და უმეტესწილად ლიდერობდნენ კიდეც. ბოლო 5 წუთში მასპინძლებმა მეტოქეს გაქცევა მოუწყვეს,
ყველა კომპონენტში იმარჯვეს და მატჩის ბოლო 4 წუთი 12:0 იმარჯვეს. წყალტუბოლოებმა მიმდინარე
ჩემპიონატში მეორე მატჩი მოიგეს და „ა“ ლიგას, ასევე დაუმარცხებელ „არენასთან“ ერთად
ლიდერობენ.

აღსანიშნავია გიორგი კუჭავას შედეგიანი გარჯა, რომელმაც
შეუცვლელად ითამაშა და თავი 25 ქულას მოუყარა. 25 ქულა და 14 მოხსნით დაასრულა თამაში
უკრაინელმა ალექსანდრ რიხლიუკმა, ხოლო მისმა თანამემამულემ, სერჰი ალფიოროვმა 20 ქულა
და 8 პასი მიითვალა.

„არენამ“ დიდი ბრძოლა გადაიტანა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდთან. შეხვედრა თბილისში, სპორტკომპლექს არენაში გაიმართა და საკმაოდ
დაძაბული გამოდგა. მატჩის დროის უმეტესობა თსუ ლიდერობდა, არენელები კი წამოწევას ცდილობდნენ.
გარდამტეხი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც მაღალ დონეზე ჩაატარა მატჩის ბომბარდირმა
ჯერემი ბაინამმა. არენელებმა პერიოდი 19:9 მოიგეს და „ა“ ლიგაში მეორე გამარჯვება იზეიმეს.

„არენას“ ლიდერმა ბაინამმა 29 ქულა დააგროვა, 15 ქულა
და 12 მოხსნა ალექსანდრ კოსენკოვის ანგარიშზეა, ხოლო ზუკა მაჩალაძემ თავი 8 ქულას და
15 მოხსნას მოუყარა. თსუ-ში საუკეთესო ვასილ ბერუაშვილმა 23 ქულა მიითვალა.

დაბოლოს, „სეუ-ჰიუნდაის“ გამარჯვების შესახებ, რომელმაც
ძირითადად ვეტერანი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გორის „დილა“ დაამარცხა. ქვემოქართლური
გუნდი საწყის 3 პერიოდში ღირსეულად ებრძოლა ახალგაზრდა ჰიუნდაელებს, მაგრამ ძალები
საბოლოოდ არ ეყო.

„სეუ-ჰიუნდაის“ ულიდერა ირაკლი ალხანაიძემ, რომელმაც
28 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ამერიკელმა კაილ ფულერმა გამარჯვებულებს 23 ქულა მიაშველა,
ირაკლი გაბისონიას ანგარიშზე კი 13 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. გორის „დილამ“ სამმაგი
დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 14 მოხსმა და 10 პასი. ბომბარდირობი კი ვახტანგ მინაშვილი
გახდა 33 ქულით.

„ა“ ლიგის მომდევნო ტური 27 და 28 მარტს – კვლავ წყალტუბოსა
და თბილისში გაიმართება.