სანაკრებო ფანჯრის შემდეგ განახლდა “ა” ლიგის გათამაშება. დღეს ოლიმპიურ სასახლეში მე-5 ტურის სამივე მატჩი გაიმართა. დაფიქსირდა საინტერესო შედეგები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერების მატჩის რეზულტატი გახლდათ. ერთმანეთს ხვდებოდნენ “ა” ლიგის ორადორი დაუმარცხებელი გუნდი – “მეგა ბასკეტი” და კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
ბევრისთვის მოულოდნელად, შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. მატჩი დიდი უპირატესობით მოიგეს კავკასიელებმა, რომლებმაც პირველ პერიოდში 24:11, ხოლო მეორეში – 31:13 იმარჯვეს და შეხვედრის ბედი დიდი შესვენებისთვის სათავისოდ გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში 31-ქულიანი სხვაობის გაბათილება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ეს ვერ შეძლო “მეგა ბასკეტმა”, რომელიც ერთ-ერთი ლიდერის – დეონტაე ნორტის გარეშე თამაშობდა.
კსუ-მ საბოლოოდ 83:62 იმარჯვა და “ა” ლიგას დაუმარცხებლად – 5-დან 5 გამარჯვებით ლიდერობს.
მეორე გამორჩეული შედეგი გახლდათ “თბილისის” პირველი გამარჯვება. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა სეზონის 4 წაგებით დაწყების შემდეგ პირველი გამარჯვება “არენა-ორბის” წინააღმდეგ მოიპოვა – 79:75. თბილისელებს 23 ქულით და 16 მოხსნით ვასილ ბერუშვილმა ულიდერა. 23 ქულა ჰქონდა გიორგი დვალსაც, ხოლო ზურაბ მაისურაძემ 17 ქულა მიითვალა.
მე-5 ტურის ბოლო, მე-3 მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. “ვერამ” საკმაოდ იოლად – 101:69 სძლია “აფხაზეთს” და ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. ვერელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა სერბ მწვრთნელს, მილოშ პეიჩს, რომელმაც გუნდის თავკაცის პოსტზე თემურ კანკია შეცვალა.
მე-5 ტურით დასრულდა პირველი წრე, ხოლო მე-6 ტური 3 მარტს გაიმართება. მეორე წრის ბოლოს საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გავა და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. პლეი ოფის გამარჯვებული სუპერლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო ფინალის წამგები გადათამაშებას სუპერლიგის მე-9 ადგილზე გასულ გუნდთან ითამაშებს.
სტატისტიკა იხილეთ აქ: http://superleague.ge/league/a-league/schedule#mbt:275-303$t&0=1