“ა” ლიგის ფინალური სერია და სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლა დაიწყო. სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება და რომლის გამარჯვებულიც სუპერლიგაში “დინამოს” ჩაანაცვლებს, საკალათბურთო კლუბი “ასტრალი” დაწინაურდა. ვატო თევზაძისა და ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის პირველ მატჩში 66:60 (სტატისტიკა) დაამარცხა “კავკასია”, რომელსაც ბექა წივწივაძე და მისი ასისტენტები – საბა ჯაყელი და ნიკა ცინცაძე წვრთნიან.
“ასტრალმა” რეგულარულ ჩემპიონატში 5 მატჩი მოიგო, 5-იც წააგო და მე-4 ადგილი დაიკავა. კავკასიელებმა კი 10 შეხვედრიდან 2 მოიგეს და მე-2 ადგილი დაიკავეს. ასტრალელებმა ნახევარფინალური სერიიდან პირველზე გასული გთუნი დაძაბული ბრძოლით გამოაგდეს და ის ჟინი და შემართება, რაც იმ მატჩებში ჰქონდათ, ფინალშიც გამოჰყვათ.
შეხვედრაში კავკასია წინ არ გასულა, თუმცა მეტოქეს მუდამ კუდში მისდევდა და წინ დამაჯერებლად გაჭრის საშუალებას არ აძლევდა, რითაც შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. სასწორზე სუპერლიგის საგზური დევს და გუნდები უფრო ჩაკეტილ, დაცვაზე ორიენტირებულ კალათბურთს თამაშობენ, რაც ანგარიშში აისახა. შეხვედრა საკმაოდ მწირი ანგარიშით დასრულდა, რაც დაცვასთან ერთად შეცდომებით სავსე თამაშის გამო დაფიქსირდა.
პირველი პერიოდის შემდეგ “ასტრალი” მხოლოდ 4 ქულას იგებდა, ხოლო მეორედან ტემპს და შედეგიანობას უმატა და დიდი შესვენებისთვის 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ასტრალის 2 ლეგიონერი – ევან ჰინსონი და ევან მილიგანი გონივრულად თამაშობდნენ, რომლებსაც უკანა ხაზიდან ზურგს ბექა ჩიკვილაძე, მოგვიანებით კი გიორგი მეცხოვრიშვილი უმაგრებდა.
კავკასიელებს შორი სროლები არ მისდიოდათ, ხოლო ფარქვეშ რაილ ჰეიესს მამუკა ბაზუაშვილი და ვასილ კუტალაძე საიმედოდ მეურვეობდნენ. ასტრალმა 8-10 ქულიანი ლიდეობა მოიპოვა და სტაბილურად ინარჩუნებდა, სანამ არ მოატანა ბოლო წუთებმა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ვასო კუტალაძის ორქულიანის შემდეგ ასტრალი 62:50 დაწინაურდა და კავკასია თითქოს განწირული ჩანდა, თუმცა ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა შანსის დაბრუნება და ზედიზედ მითვლილი ქულების შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 58:62 დასრულებამდე 70 წამით ადრე.
კავკასიელებმა თავი კარგად დაიცვეს, მეცხოვრიშვილის აცილებული მოხსნეს და გასათანაბრებლად მეტოქის ნახევარზე გადასვლა არ დასცალდათ. ტატო ზუზაძემ მეურვესთან ორთაბრძოლაში გარბენი გააკეთა და ბურთი ასტრალს გადაეცა. ამას დაერთო კავკასიის სამწვრთნელო შტაბის წევრის პროტესტი და ტექნიკური ჯარიმა, რის შემდეგაც მატჩის ბედი ასტრალის სასარგებლოდ გაირკვა.
გამარჯვებულთაგან 14 ქულით ბომბარდირი გახდა ევან ჰინსონი, ყველაზე შედეგიანი მამუკა ბაზუაშვილი იყო, 12 ქულა და 8 მოხსნა. ვასო კუტალაძემ 8 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, გიორგი მეცხოვრიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. კავკასიელთაგან ჰეიესმა 13 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, მარკიზ მეიფილდმა 10 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო ბომბარდირი 14 ქულით ლევან გოგიჩაიშვილი გახდა.
ფინალური სერიის მე-2 შეხვედრა 16 აპრილს, 21:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.