27 აპრილს, საქართველოს თასის გამარჯვებული გამოვლინდება. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულისთვის რომელი გუნდები შეხვდებიან, ეს 26 აპრილს გაირკვევა, როცა სტარტს აიღებს ოთხთა ფინალი, რომელიც საქართველოს თასის გათამაშებისთვის ისტორიულია.
პირველად, თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა ოთხთა ფინალით ჩატარდება. აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.
კოვიდ-ვითარება ახლაც არაა სტაბილური, თუმცა რეგულაციების დაცვით ვაჟთა პროფესიული საკალათბურთო ტურნირები (სუპერლიგა, “ა” ლიგა, თასის გათამაშება) გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გასულები არიან რუსთავი, ქუთაისი, ცხუმ-აფხაზეთი და ოლიმპი. კოვიდ-რეგულაციების გამო ოლიმპისა და თსუ-ის წყვილიდან ოთხთა ფინალში ოლიმპელები ითამაშებენ, რომლებიც ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტ რუსთავს შეხვდებიან. მეორე წყვილში ქუთაისი ცხუმ-აფხაზეთს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალები ერთმატჩიანია და 26 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ და მეორე დღეს სატიტულო მატჩს ითამაშებენ. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოდგენილ ბმულებზე:
➥ http://superleague.ge/tournament/georgian-cup/schedule
➥ facebook
➥ Youtube
ფინალური შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 27 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.