კაკტუსის, დელტას და კავკასიის გამარჯვებები თასის მერვედფინალური სერიის საწყის მატჩებში

კაკტუსის, დელტას და კავკასიის გამარჯვებები თასის მერვედფინალური სერიის საწყის მატჩებში

საქართველოს თასის გათამაშების პირველი წრის მატჩები გრძელდება. მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები ყველა წყვილში გაიმართა. ხოლოდ ერთი მატჩი არ ჩატარდა და შესაბამისად, ტექნიკური გამარჯვება გაფორმდა. ეს გახლდათ “ა” ლიგის დებიუტანტის, აწსუ-სა და “რუსთავის” წყვილი. ქუთაისელებმა მატჩს დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ უმასპინძლეს და მათ ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეწერათ და წესების თანახმად, სერიაშიც დამარცხდნენ. საპასუხო მატჩი აღარ გაიმართება – მეოთხედფინალში “რუსთავი” გავიდა.

ასტრალი – კაკტუსი 69:77 (სტატისტიკა)

ოლიმპიურ სასახლეში გამართული 3 მატჩიდან ბრძოლა მხოლოდ პირველ შეხვედრაში ვიხილეთ, რომელშიც “კაკტტუსი” “ა” ლიგის წარმომადგენელ “ასტრალს” შეხვდა და საბოლოდ კი გაიმარჯვა, თუმცა ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილი ქვედალიგელისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ასტრალმა პირველი პერიოდი 22:28 დათმო, დიდ შესვენებაზე კი 12 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესად ითამაშა და მოგების შანსიც გამოუჩნდა.

მესამე პერიოდი ასტრალმა 19:13 მოიგო, შედეგიანობა ბოლო პერიოდშიც გააგრძელა და ლეგიონერთა წინამძღოლობით მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სუპერლიგის ლიდერს 3 ქულით მიუახლოვდა. კაკტუსის მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ წუთშესვენება აიღო, შესაბამისი ზომები მიიღო და თამაშიც სათავისო კალაპოტს დაუბრუნა. დარჩენილ დროში კაკტუსელთა სტაბილურმა თამაშმა სუპერლიგელს გამარჯვება მოუტანა, თუმცა 8-ქულიანი უპირატესობა სერიის მეორე მატჩის წინ დაარხეინების საშუალებას არ იძლევა.

გამარჯვებულებს 9 ქულით, 20 მოხსნითა და 4 დაფარებით ჯეისონ კოპმანმა ულიდერა. 17 ქულით და 8 მოხსნით სედრიკ ალლეი გამოირჩა. 15 ქულა და 5 პასი მაილს დანიელსმა მიითვალა. ასტრალში 2-მა მოთამაშემ გამოსახა საკუთარი მონაგარი ორნიშნა რიცხვით: ჯონ კერიმ 26 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ბრენდონ მაკქვინის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა.

სერიის მეორე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 18 იანვარს გაიმართება. 

 

ტიტები – გურჯაანის დელტა 61:92 (სტატისტიკა)

გურჯაანის დელტა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ეს ამ გუნდის პირველსავე შეხვედრაში დადასტურდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გურჯაანელებმა “ბათუმიდან” დერიკ ნიუტონი შეიმატეს, რაც წერტილოვანი, წინასწარგანზრახული ტრანსფერი გახლდათ. ამ დანამატით დელტამ ის ადგილი ამოავსო, რაც 4 ნომრის პოზიციაზე ჰქონდა და მომავალ ბრძოლებს, სასურველად დაბალანსებული შემადგენლობით ხვდება.

გურჯაანელებმა დეტიკ ნიუტონთან ერთად პირველი მატჩი თასზე გამართეს და მეტოქე ზედმეტი გართულებების გარეშე, დამაჯერებლად დაამარცხეს. “ტიტებს” კრიზისი აქვს. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა 2 ამერიკელი მოთამაშე გაუშვა და სანაცვლოდ ჯერ ერთი ლეგიონერი დაიმატა. თსუ-დან შემატებულმა ბრაიან დოუსონმა ჩინებული დებიუტი მოიწყო – 17 ქულა და 7 პასი მიითვალა, თუმცა ტიტებს გასამარჯვებლად ეს არ ეყო. 

გურჯაანის დელტამ პირველი პერიოდი 21:10 მოიგო, ხოლო მეორეში 26:19 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი სხვაობით გავიდა. ტიტების მოთამაშეები ცდილობდნენ, თუმცა რაც მოახერხეს, მაქსიმუმი ჩამორჩენის 11 ქულამდე შემცირება გახლდათ. საბოლოოდ ისეთი სხვაობა დაფიქსირდა, მერვედფინალის საპასუხო მატჩში მისი გადაფარვის იმედი ტიტების თავგადაკლულ ქომაგსაც არ უნდა ჰქონდეს. სერიის მეორე შეხვედრა 18 იანვარსაა დაგეგმილი. 

 

ტყიბულის ორბი – კავკასია 60:82 (სტატისტიკა)

“ა” ლიგის ამბიციურმა წარმომადგენელმა, ტყიბულის “ორბმა” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერაფერი გააწყო სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ “კავკასიასთან”. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, თამაში ისე გალიეს, მეტოქისთვის შანსი არ მიუციათ. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულელებმა ცდა არ დააკლეს, მაგრამ სუპერლიგის წამყვანი გუნდის დასამარცხებლად ორბს რესურსი არ აღმოაჩნდა.

კავკასიელებს 22-ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ 18 იანვარს დანიშნული საპასუხო მატჩის წინ. დღევანდელ მატჩში წივწივაძის გუნდს ორმა ამერიკელმა უკანახაზელმა – ჯასტინ ფორესტმა და კრის მაკნილმა 20-20 ქულით ულიდერა. 16 ქულა ჩააგდო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა. ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. ორბში ყველაზ ემეტი – 13 ქულა მიხეილ ჭოჭუამ მიითვალა. 11 ქულა დემარკუს ეიდის ანგარიშზეა.