დღეს, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართა. თამაშები შედგა 3 წყვილში, გამარჯვებული კი მხოლოდ ერთ სერიაში გამოვლინდა.
შესაბამისად, 2 წყვილის დაპირისპირებაში საერთო ანგარიში გათანაბრდა. თავდაპირველად ერთმანეთს “შსს აკადემი-ტიტები” და “არენა-ორბი” შეხვდნენ. სერიის პირველი მატჩი სუპერლიგის გუნდს ჰქონდა მოგებული და მეორეშიც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა “ა” ლიგის წარმომადგენელმა დიდებულად ითამაშა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 67:65 დაამარცხა.
თასის გათამაშებაში ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა “ა” ლიგელმა სუპერლიგის წარმომადგენელს სძლია. გამარჯვებულებს 19 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით გლენ ბარნსმა ულიდერა. 17 ქულა მიითვალა არმანი ფლანინგანმა, ხოლო ლევან ლოლიშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. გადამწყვეტი მატჩი თებერვლის თვეში გაიმართება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში დადგინდება.
მეორე მერვედფინალური სერია, რომელშიც საერთო ანგარიში გათანაბრდა, “დინამო” – “კაკტუსია”. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს ჯერ კიდევ სერიის პირველ მატჩში, რომელსაც თითქმის მთელი თამაში იგებდნენ და ბოლო წამებზე დათმეს. დღევანდელ, სერიის მეორე მატჩშიც ძირითადად “კაკტუსი” ლიდერობდა, თუმცა უპირატესობა მეორე ნახევარში დაკარგა. ამის მიუხედავად სუპერლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ბოლომდე იბრძოლა და ერთ-ერთ ლიდერ “დინამოს” გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოჰგლიჯა – 69:60.
კაკტუსელებს 24 ქულით დელანო სპენსერმა ულიდერა. 20 ქულა მიითვალა ტრისტან სპარლოკმა, დომინიკ ელიოტის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 16 ქულით საუკეთესო იყო ლევან გრძელიძე. დემაგოი ბუბალომ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
დღის ბოლო მატჩი ყველაზე ემოციური და დაძაბული გამოდგა. “ა” ლიგის დებიუტანტმა “ვერამ” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრის უმეტესობა უგებდა სუპერლიგელ “მგზავრებს”. ბოლო პერიოდში, მსაჯებთან არაკორექტულობის გამო მოედნიდან ჯერ ვერელების მთავარი მწვრთნელი – თემურ კანკია და შემდეგ მოთამაშე, ტარიელ ზუზაძე გააძევეს. არადა, “ვერა” ბოლო წუთზეც ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ საბოლოო წარმატებამდე ვეღარ მივიდა.
სერიის პირველი მატჩის მსგავსად, გამარჯვებული კვლავ “მგზავრები” გამოვიდა, რომელიც “დელტასა” და “ოლიმპის” კვალზე თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.
თასის მერვედფინალური სერიის კიდევ 3 მატჩი ხვალ, 30 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
მეგა ბასკეტი – (0:1) – ბათუმი 14:00
აფხაზეთი – (0:1) – ქუთაისი 16:00
კავკასია – (0:1) თსუ-ჰიუნდაი 18:00
თასის გათამაშების ყველა მატჩის სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/tournament/georgian-cup/schedule#mbt:275-303$t&0=1