26-29 ივნისს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ოთხი დღის განმავლობაში, აკადემიის დარბაზებში NBA-ს საზაფხულო კემპი ჩატარდება. კემპი მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პატრონაჟით ტარდება და მასში მონაწილეობას აკადემიის კალათბურთელები მიიღებენ.საზაფხულო კემპზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოსულები არიან NBA-ს წარმომადგენლები: ტროი ჯასტისი – NBA-ს მწვრთნელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების უფროსი დირექტორი; კალანა გრინი – WNBA-ს მოთამაშე, მინესოტა “ლინქსის” კალათბურთელი; ლოუ ემუნდსონი – NBA-ს მოთამაშე, “ნიუ იორკ ნიქსის” კალათბურთელი.კემპში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები. ტურნირთან დაკავშირებით დღეს, 23 ივნისს აკადემიის დამფუძნებელმა ზაზა ფაჩულიამ მთავარ მწვრთნელ იან პროკიჩთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.”აკადემიის გაკეთება ჩემი ოცნება მას შემდეგ იყო, რაც ნბა-ში გადავედი და ვნახე ჩემი კოლეგების მიერ გახსნილი აკადემიები. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფომაც შემიწყო ხელი და მისივე ინიციატივით განხორციელდა ეს ყოველივე, რადგან ჯერ ამაზე საერთოდ ვფიქრობდი – აკადემიის გახსნას კარიერის დასრულების შემდეგ ვაპირებდი, თუმცა დავთანხმდი, ავიღე პასუხისმგებლობა და მას მთელი სერიოზულობით ვუდგები. დღეს აკადემია ჩემი ცხოვრების ნაწილია და მსურს სამაგალითო იყოს, რაც ჩვენი კალათბურთელების წინსვლას გულისხმობს.აკადემიამ ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება და ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. დღეს 350-ზე მეტი ბავშვი გვყავს და უმაღლეს დონეზე ვარჯიშობენ. დიდი ნდობა მაქვს იმ სამწვრთნელო შტაბის მიმართ, რომელიც ამ ბავშვებს ავარჯიშებს. აქ არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები.
გადავწყვიტეთ, კემპით საჩუქარი გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის. კემპი უფასო იქნება. შეიძლება, გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რისი გაკეთება შეიძლება 4 დღეში… დამიჯერეთ, ამ კემპს ძალიან ბევრი რამის მიცემა შეუძლია მოთამაშეებისთვის და პირველ რიგში, მოტივაციის. თავადაც ვიყავი ბავშვი და ვიცი, რომ ზოგჯერ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია კარიერის განსაზღვრა. აქ ასევე იქნებიან ნაკრების მოთამაშეებიც, მაგალითად გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, რაც ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება. სამწუხაროდ, მალე მომიწევს კარიერის დასრულება. კალათბურთის თამაში დროებითია, სწავლა კი ისეთი რამაა, რის გარეშეც ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა წახვიდე, წარმატებას ვერ მიაღწევ.
ჩვენს ბავშვებს ვასწავლით მიზნის დასახვას. მიზნების მიღწევას სჭირდება დიდი შრომა, დრო, მაგრამ ვიმეორებ, რომ იმ გამოცდილებიდან, რაც ვნახე, არ არსებობს კალათბურთელი, რომელიც მხოლოდ ფიზიკური შედეგებითაა ძლიერი – თუ განათლება, ინტელექტი არ გაგაჩნია, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ინტელექტუალური სპორტსმენი უფრო ფასობს, ვიდრე ფიზიკურად ძლიერი. ამიტომ ბავშვებისგან სწავლას ვითხოვთ. სექტემბრიდან უკვე ფსიქოლოგებიც გვეყოლება. როცა ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, უფრო ადვილი ხდება იმ მწვერვალის დაპყრობა, რასაც წარმატება მოაქვს”, – განაცხადა ფაჩულიამ.ტროი ჯასტისის განცხადებით, საქართველოში ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ამიტომ უახლოეს პერიოდში სელექციას სხვადასხვა ქალაქში აპირებს. მისივე თქმით, აკადემია ბავშვებისთვის ძალიან დიდი შანსია წარმატების მისაღწევად. შეიძლება ყველა წარმატებული სპორტსმენი ვერ გახდეს, მაგრამ კარგი ადამიანები ნამდვილად იქნებიან.პრესკონფერენციის ბოლოს, გაზეთ “ლელოს” წარმომადგენლებმა ზაზა ფაჩულიას 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო პირადად გადასცეს.