„ვითამაშოთ კალათბურთი – საქართველო“

„ვითამაშოთ კალათბურთი – საქართველო“

ორგანიზაცია PH
International-ის ფილიალი საქართველოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის
განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს (ECA) გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური
მხარდაჭერით იწყებს ახალ პროგრამას, რომლის სახელწოდებაა „ვითამაშოთ კალათბურთი – საქართველო“
(GE-PLAY).

აღნიშნული გაცვლითი პროგრამით საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე გიორგი ზაბახიძე და საკალათბურთო კლუბ „ქუთაისის“ მწვრთნელი მედეა მხეიძე
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

ორგანიზაცია PH International-ის ინიციატივით საქართველოში
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სამთავრობო სტრუქტურებისა და სპორტული
ასოციაციების წევრები, სამართალდამცავები და საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლები
შევიდნენ. სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული ახალგაზრდული
სპორტული/საკალათბურთო ინიციატივების განვითარებას საქართველოში.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ისეთი ახალგაზრდული
სათემო სპორტული პროექტების განვითარებას, სადაც მწვრთნელებად და სპორტული ღონისძიებების
ორგანიზატორებად ჩაერთვებიან პოლიციის ოფიცრები, რომლებიც პირადი მაგალითის საფუძველზე
ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ადგილობრივი
თემის როლის ზრდას საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საქმეში.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად თებერვალ-მარტში
მოხდება ორკვირიანი გაცვლითი პროგრამა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება სამუშაო
ჯგუფი, რომლის წევრებსაც შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ისეთ სასკოლო სპორტულ პროგრამებს,
კერძო საკალათბურთო სპორტულ ინიციატივებს, რომლებსაც პოლიციის ოფიცრები უდგანან სათავეში.
ასეთი ინიციატივების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციაა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე შეხვდებიან გამოცდილ ამერიკელ
პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური მოვალეობების პარალელურად უძღვებიან (წვრთნიან)
სკოლის მოსწავლეთა პროფესიული სამოყვარულო საკალათბურთო გუნდებს და ორგანიზებას უწევენ
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს. გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს ისეთ ამერიკულ ორგანიზაციებთან
(მათ შორის პოლიციელთა ათლეტურ ლიგასთან (The Police Athletic League) შეხვედრას, რომლებიც
მხარს უჭერენ ზემოთხსენებული სპორტული ინიციატივების წახალისებას.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი ბერდია ნაცვლიშვილია,  უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა თბილისში და ამერიკაში
სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმუშავა. ჯგუფი 11 ადამიანის შემადგენლობით შეერთებულ შტატებში
23 თებერვალს გაემგზავრება.