დასრულდა ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი მეორე თამაშიც, რომელშიც, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. 3 ტურის შემდეგ დაუმარცხებელი “დინამო” სამივე წაგების მქონე “ვერასთან” დამარცხდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ვერელებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით ფავორიტად მიჩნეულ დინამოელებს პრინციპული მატჩი მოუგეს – 82:76 (სტატისტიკა).
ვერელებმა სოლიდურად ითამაშეს დაცვაში, შეტევაში კი ძირითადად ამერიკელ ბრაისონ სკოტს ეყრდობოდნენ, რომელმაც სადებიუტო უქულო მატჩ კიის შემდეგ დღეს “ვერაში” მეორედ ითამაშა და 32 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა. სკოტი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ფონს იოლად გადიოდა. მისი შემჩერებელი დინამოელთაგან თითქმის ვერავინ მოიძებნა. ამასთან, პირველ ნახევარში 10 ქულა ჩააგდო და ვერელებს ხელი დიდად წააშველა გუნდის დებიუტანტმა ჯალენ ბრედლიმ.
პირველ ნახევარში ვერელებმა 39:35 იძალეს და მთავარ უპირატესობას მესამე პერიოდში დაეუფლნენ. სწორედ ეს პერიოდი იყო საკვანძო, რადგან თუკი დინამოელებს რამის პრეტენზია ჰქონდათ, სწორედ მესამე პერიოდში უნდა ემარჯვათ. ასე კი აღნიშნული მონაკვეთიც ვერელთა დომინაციით წარიმართა და ხოშტარიას გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა.
დინამოელებს მიმდინარე სეზონში ბოლო პერიოდში ლამის წაგებული მატჩი მოუგიათ, მაგრამ რაც გამოუვიდათ “ბათუმთან”, ვერ შეძლეს “ვერასთან”. მაქსიმუმი, რაც მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა მოახერხეს, ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო. აქტიურ სკოტს ქულების გროვებაში გივი ბაქრაძეც შეეშველა, დაცვაში კი ვერელებმა ისევ გადაკეტეს ზონები და გამარჯვებისთვის ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.
ასე და ამგვარად, “ვერამ” მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა, “დინამო” კი პირველად დამარცხდა. სკოტის კვალზე “ვერაში” 15 ქულა ჰქონდა დებიუტანტ ბრედლის, ხოლო 14 – გივი ბაქრაძეს. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ ქადარიამ. “დინამოში” 27 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 15 ქულა და 10 მოხსნა ტრეივონ რიდის ანგარიშზე დაგროვდა.
მე-4 ტურის 2 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 8 ნოემბერს გაიმართება: ოლიმპი – თსუ (13:00), ტიტები – მგზავრები (15:30).