სუპერლიგის პლეი ოფის სერია დღეს თბილისშიც დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთის პირისპირ “კაკტუსი” და “ვერა” წარდგნენ. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ ვერას ნახევარფინალში გასვლამდე 1 გამარჯვება აკლია.
დიახ, სერიის პირველი შეხვედრა ვერელებმა მოიგეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 88:83 (სტატისტიკა), რაც კარგად გამოხატავს შეხვედრაში გუნდების ძალთა თანაფარდობას. თამაშის უმეტეს დროს “ვერა” იგებდა და დაახლოებით 4-8 ქულის სხვაობით. ვერელებს ლიდერობა სტაბილურად ხელთ ეპყრათ, კაკტუსელები კი გათანაბრებას ცდილობდნენ. მესამე პერიოდის დასაწყისში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მოახერხეს მცირედით დაწინაურება, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა.
კაკტუსს არ ეყო ძალა და სათადარიგოთა სკამის სიღრმე, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა და გამარჯვებამდე მისულიყო. კაკტუსელებს გამოაკლდათ 2 ლეგიონერი – დარიუს უილიამსი და დარიუს როი, რითაც ჟღენტის გუნდმა ის მუხტი დაკარგა, რითაც პლეი ოფამდე მოვიდა.
გამარჯვებულ ვერელებს 24 ქულით ლუკა მაზიაშვილმა ულიდერა. 16 ქულა აარონ პარკსმა, ხოლო 15 – ვახტანგ ქადარიამ მიითვალეს. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. “კაკტუსში” 26 ქულით საუკეთესო იყო სამაი ჰაინს-ჯონსი, 18 ქულა და 13 მოხსნა ეი ჯეი სამბრის ანგარიშზეა.
ამ წყვილში მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 8 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.