სუპერლიგის მიმდინარე სეზონი “ვერამ” და “ტიტებმა” დაასრულეს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ამ გუნდების შეხვედრას ერთგვარი სევდიანი ელფერი გასდევდა: ვერა, რომელმაც რეგულარული ბოლო ადგილზე დაასრულა, სუპერლიგას ემშვიდობება, ხოლო ტიტებს, რომელმაც ცხრილში ბოლოსწინა, მე-10 ადგილი დაიკავა, დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში მოუწევს ბრძოლა. მისი მეტოქე რამდენიმე დღეში გაირკვევა და ის “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული გუნდი – “ივერიონი” ან “ორბი” იქნება. ტიტები სწორედ საკვალიფიკაციო სერიის მატჩებით დაასრულებს სეზონს, რომელიც 3 მატჩამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება მატჩს, არც ვერასთვის და არც ტიტებისთვის მისი შედეგი არაფერს ცვლიდა და შესაბამისად, ლაღი თამაში გაჩაღდა. გუნდები დაცვაში ძალისხმევით თავს არ იკლავდნენ და ორივე გუნდის წევრები შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულნი. შესაბამისად, ამ მატჩში დამყარდა სამქულიანების რეკორდი. ორივე გუნდმა ჯამში 39 სამიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე სეზონთან ერთად ბოლო წლების რეკორდია. ამასთან, ტიტებმა ამ მატჩში ჩაგდებული 20 სამქულიანით მიმდინარე სეზონის საკუთარი რეკორდი გაიმეორა. სამქულიანების ინდივიდუალური რეკორდი გაიმეორა ვერელმა კაიდენ რაისმა, რომელმაც 9 შორი სროლა ჩააგდო და მიმდინარე სეზონში მარგვეთელი რონი როზიეს შედეგი გაიმეორა.
შეხვედრა ტიტების გამარჯვებით – 122:106 (სტატისტიკა) დასრულდა. ამ მატჩში მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა რიჩარდ მათიაშვილს, რომელიც ტიტებში ბესო ლეჟავას ასისტენტია და მისი დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერასთან მატჩში გაუძღვა.
გამარჯვებულთაგან 24-24 ქულით სანდრო სანაძე და ბრაიან დოუსონი გამოირჩნენ. საუკეთესო შედეგი კი კენდრიკ ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა. მას 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა მიმდინარე სეზონის უმაღლეს შედეგამდე, რომელსაც თსუ-ელი გიორგი ცინცაძე, რუსთაველოი ტრეი კროფტი და ოლიმპელი გივი ბაქრაძე ფლობენ.
ვერაში დარჩენილმა ერთადერთმა ლეგიონერმა, 9 სამქულიანის ჩამგდებმა კაიდენ რაისმა ჯამში 37 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
ვერა მომავალ, 2023-2024 წლების სეზონში “ა” ლიგაში იასპარეზებს, ხოლო ტიტებს, როგორც აღვნიშნეთ, სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციოში ბრძოლა მოუწევს.