საკალათბურთო კლუბი ვერა, რომელმაც სუპერლიგაში ბოლო 4 სეზონი გაატარა, უმაღლესი ლიგას ემშვიდობება. დღეს, თსუ-სთან წაგების შემდეგ, ოფიციალურად გაირკვა, რომ რეგულარული ჩემპიონატი ისე დასრულდება, ვერა ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილი გუნდი, რომელმაც გუნდის მართვის სადავეები 3 ტურის წინ კლუბის პრეზიდენტისა და ბოლო სეზონებში მთავარი მწვრთნელის, დავით გასიტაშვილისაგან გადაიბარა, სუპერლიგას დატოვებს. საკალათბურთო კლუბი ვერა 2018 წელს შეიქმნა და პირველივე წელს “ა” ლიგაში ითამაშა, საიდანაც პირველივე ცდაზე, 2019 წელს სუპერლიგის საგზური მოიპოვა.
თუ ვინ შეცვლის ვერას სუპერლიგაში, ეს “ა” ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა, სადაც პლეი ოფი რამდენიმე დღეში იწყება. ვერას სუპერლიგაში 2 მატჩის ჩატარება დარჩა, რომლებსაც სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა მხოლოდ ვერას მეტოქეებისთვის აქვს.
ვერა დღევანდელ მატჩში საჩემპიონოდ შემართულ თსუ-ს მხოლოდ პირველ ნახევარში ტოლსწორად ებრძოლა. ის კი არა, თავიდან სულაც 11 ქულით – 21:10 უგებდა, თუმცა თსუ-მ იცოდა, რომ როცა თავს ძალას დაატანდა, თამაშს სასურველ კალაპოტში ჩააყენებდა და ეს დიდი შესვენების შემდეგ მოხდა. მანამდე ძირითადად ვერა იგებდა. პერიოდის მიწურულს უნივერსიტეტელებმა მოახერხეს აუტსაიდერის გადასწრება და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 43:39.
შესვენებაზე, გასახდელში, ლექსო ლაფანაშვილმა თსუ-ს მოთამაშეებს პროდუქტიული თათბირი ჩაუტარა და ზუსტი დავალებები მისცა. მოედანზე დაბრუნებულმა უნივერსიტეტელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და თსუ-ს ლიდერობამ 20 ქულას რომ მიაღწია, შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. საკითხავი ისღა იყო, რამდენი ქულით იმარჯვებდა თსუ. საბოლოოდ 100:76 (სტატისტიკა) და ვერას “ა” ლიგაში დაქვეითების საკითხი ოფიციალურად გადაწყდა.
თსუ-ში ყველაზე შედეგიანად ბექა ბექაურმა ითამაშა, რომელმაც თავი 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზე, 14-14 ქულა ნიკოლოზ დარბაიძემ და მაკლოლმ დრამრაითმა მოაგროვეს. ვერაში 24 ქულით, 7 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე. 18 ქულა კაიდერ რაისის ანგარიშზეა.
სუპერლიგის ისტორიაში პირველად, ამ მატჩში ჩამოიყენეს დაუყოვნებელი გადაყვევის სისტემა, რომელიც მსოფლიო კალათბურთში დამკვიდრებული პრაქტიკაა. საკამათო მომენტების გადარჩევად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მსაჯები ვიდეოგამეორებას მიმართავენ ხოლმე, თუმცა გამოერების მოთხოვნა, დადგენილი წესებით, მეტოქე გუნდების მწვრთნელებსაც აქვთ.