სუპერლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტური გუშინ ბათუმში დაიწყო, დღეს კი თბილისის სპორტის სასახლე დარჩენილ 3 შეხვედრას მასპინძლობს.
ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ,,დინამო” და ,,შსს აკადემია” დაუპირისპირდებიან. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): შეიძლება ითქვას, მზად ვართ ამ შეხვედრისთვის.. ტრავმებიც აღარ გვაქვს და ვხვდებთ, როგორც რიგით თამაშს. უბრალოდ მინდა ახალ წლებამდე კიდევ ერთხელ დავინახო, რა პრობლემები გვაქვს, რას ვაკეთებთ სწორად და რას არა. დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ვეთამაშებით მოქმედ ჩემპიონს და ასევე, წლევანდელი სეზონის ლიდერს, ,,დინამო” წაუგებლად ასპარეზობს და ნამდვილად გამორჩეული გუნდია, ქულებში, მოხსნებში, პასებში ლიდერები სწორედ ამ გუნდის მოთამაშეები არიან. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ და ვეცდებით, გავიმარჯვოთ. ჩვენს გუნდს, ისევე როგორც სხვებს, ბევრი პრობლემა გვქონდა. თუმცა შევეცდებით პირველი წრე როგორმე გადავაგოროთ და ვფიქრობ, იანვრიდან ,,შსს აკადემია” სულ სხვანაირი გუნდი იქნება.