სტატისტიკა
გალერეაკიდევ ერთო ოვერტაიმი. სუპერლიგის მე-12 ტურში უკვე მე-3 დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა.
გამარჯვებულის ვინაობა ძირითად დროში ამჯერად „სოხუმმა“ და „დინამომ“ ვერ გაარკვიეს.
მე-12 ტურის 4 მატჩიდან ბოლო და მესამეში დაფიქსირდა ოვერტაიმი, რაც სუპერლიგის მიმდინარე
გათამაშების დაძაბულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„სოხუმი“ გამარჯვებასთან ახლოს იყო. ვაჟა კვარაცხელიას
გუნდმა პირველი მეოთხედი დიდი სხვაობით – 22:10 მოიგო და ლიდერის სტატუსს მთელი მატჩის
განმავლობაში ინარჩუნებდა. სოხუმელებს აკლდათ სასტარტო ხუთეულის წევრები – გიორგი ჯგერენაია
და მეთიუ გლოვერი, თუმცა დანაკლისი არ ეტყობოდათ და ღირსეულ მეტოქესთან მატჩის პირველ
ნახევარში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
საქმეს 1-ელი ტაიმი არ შველის და სოხუმელებს გამარჯვების
მოსაპოვებლად მეორე ნახევარში კარგი თამაშიც მართებდათ, თუმცა მიხეილ ბერიშვილის შედეგიანმა თამაშმა სოხუმელებს გეგმები აურია. ბერიშვილმა მეორე ტაიმში 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2 ორიანიც
მოაყოლა და ამათგან ბოლო ტყორცნა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 16 წამით ადრე,
გამთანაბრებელი გამოდგა – 51:51. ძირითადი დროის დარჩენილ წამებში სოხუმელებმა შეტევა
შედეგიანად ვერ დაასრულეს და შეხვედრა დამატებით 5-წუთეულში გადაიზარდა.
ოვერტაიმი თანაბარ თამაშში გაგრძელდა, თუმცა დასრულებამდე
2 წუთით ადრე მოედნიდან 5 პერსონალურის გამო სოხუმელთა ლიდერი ლევან ფაცაცია გავარდა,
რის შემდეგაც მარტო დარჩენილმა ფილიპ მილერმა ვერ მოახერხა გადამწყვეტი შეტევების შედეგიანად
გაძღოლა. საბოლოოდ დინამოელებმა 72:66 იმარჯვეს და „სოხუმს“ ცხრილში გადაასწრეს.
მე-12 ტურის შემდეგ ცხრილში საინტერესო ვითარება შეიქმნა.
ცხრილს 8 მოგება-4 წაგებით „ბათუმი“, „ქუთაისი“ და „დინამო“ ლიდერობენ, რომელთა შემდეგაც
7 მოგებით „სოხუმი“ და 6 მოგების მქონე „მგზავრები“ მოდიან.
სუპერლიგის მომდევნო და 2015 წლის ბოლო, მე-13 ტური
29 და 30 დეკემბერს – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): დაძაბული და სანახაობრივი მატჩი
შედგა. თავიდან არ წაგვივიდა თავდასხმაში თამაში და დაცვაშიც გარკვეული პრობლემები
შეგვექმნა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ თამაშის
„ოვერტაიმში“ გადაყვანა, დამატებით დროში კი, სადაც ორივე გუნდი იმსახურებდა მოგებას, გამარჯვება
ჩვენს დაგვრჩა. შევეცდებით, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები მომდევნო ტურისთვის და
„ოლიმპთან“ შეხვედრას სათანადო მზადყოფნაში შევხდეთ.
ვაჟა კვარაცხელია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): თამაში ჩვენ წავაგეთ, ჩვენივე შეცდომების გამო, თუმცა მსაჯობა იყო საშინელი და კატასტროფული. უსამართლო ჯარიმებმა
ჩვენს დამარცხებას დიდად შეუწყო ხელი.