სტატისტიკასუპერლიგის მე-19 ტური დასრულდა. ბოლო მატჩს რუსთავმა
უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ ცხრილის ბოლოადგილოსანი „მგზავრები“ ჩავიდა. შეხვედრა
საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა.
შეხვედრის პირველი პერიოდი რუსთაველებმა 27:20 მოიგეს,
თუმცა მეორეში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირეს. მესამე
მეოთხედში „მგზავრებმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და თამაში თანაბარ კალაპოტს
დაუბრუნდა. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, რომელშიც მასპინძლებმა მეტი სიზუსტე
გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ – 86:69.
რუსთაველთაგან 20 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო
სერგო ათუაშვილი. 18 ქულა რეზო ჩაჩანიძემ დააგროვა, ხოლო 13-13 ქულა ტომი სპანოლოსა
და ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე დაგროვდა. „მგზავრებში 19 ქულით საუკეთესო იყო კორი
ალენი, რეჯი მერფის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მორიგი, მე-20 ტურის ოთხივე მატჩი 5 მარტს,
თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
მგზავრები ძლიერი გუნდია და ეს გასულ ტურშიც დაამტკიცა. ბოლო პერიოდში ჩვენ უფრო მობილიზებულები ვიყავით დაცვაში და ვფიქრობ ამის ხარჯზე მოვიგეთ თამაში.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში ვულოცავ რუსთავს გამარჯვებას. პაუზამ, რაც იყო უარყოფითად იმოქმედა ბიჭებზე. მეოთხე პერიოდში დაცვაში შეცდომების გამო წავაგეთ თამაში. ვეცდებით შემდგომ მატჩებში გამოვასწოროთ.