სტატისტიკა საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი, მე-3 ტური რუსთავში
დაიწყო. მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ ქვემო ქართლის მთავარ ქალაქში ჩავიდა და ადგილობრივ
გუნდს 88:77 მოუგო.
შეხვედრა მეორე პერიოდში მცირე ხნით შეჩერდა. მიზეზი
24 წამის დამთვლელი მოწყობილობის მუშაობის შეფერხება გახლდათ. პაუზის მომენტში სტუმრები
უკვე 20 ქულით – 40:20 იგებდნენ, რაც ქუთაისელთა ზუსტი სროლების და ფარქვეშ წარმატებული
გარჯით იყო განპირობებული.
რუსთაველებმა საბოლოოდ სტუმრებზე მეტი სამქულიანი ჩააგდეს,
თუმცა პირველ ტაიმში შორი დისტანციიდან შესრულებული ზუსტი სროლების გათვალისწინებით
დიდ უპირატესობას იმერული კლუბის წევრები ფლობდნენ. ქუთაისელთა წარმატება იმანაც განაპირობა,
რომ მეორე ტაიმში პერიმეტრიდან სამწამიანისკენ შეიწიეს და ფარქვეშ ოთაბრძოლებშიც წარმატებას
მიაღწიეს.
რუსთაველები ნიადაგ ცდილობდნენ ჩამორჩენის გაბათილებას,
მაგრამ მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს, დეფიციტის 9 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ კოტე
ტუღუშის გაწვრთნილი „ქუთაისი“ გამარჯვებამდე იოლად მივიდა.
გამარჯვებულებს 17 ქულით, 10 პასით და 9 მოხსნით გიორგი
ცინცაძემ ულიდერ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 20 ქულით ქუთაისელთა
ბომბარდირი გიორგი ბარბაქაძე გახდა, ხოლო აკაკი ლომოურის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
რუსთაველთა რიგებში 17 ქულით საუკეთესო იყო ჩრლი ლი, ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე
კი 15 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-3 ტური ხვალ თბილისში
გაგრძელდება. სპორტის ახალი სასახლე 3 მატჩს უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): პირველ ტაიმში ძალიან დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. მეორე ტაიმში დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ შევძელით და დავმარცხდით ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც ქუთაისია. წინ კიდევ ძალიან ბევრი შეხვედრა გველოდება, სეზონი ახლახანს დაიწყო და ვეცდებით მომავალ მატჩებში უკეთ ვითამაშოთ.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): როგორც ვამბობდი, რუსთავი საკმაოდ სერიოზული გუნდია და ვვარაუდობდი კიდეც, რომ ღირსეულ ბრძოლას გაგვიმართავდა. ჩვენ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას და უკვე ვიწყებთ მომზადებას შემდეგი ტურისთვის.