გალერეა2012-13 წლების
სეზონის შემაჯამებელი წიგნის პრეზენტაცია დღეს სპორტის სასახლის VIP-ლოჟაში მოეწყო.
ეს გახლავთ რიგით მეორე გამოცემა, სადაც თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება, რომლის ორგანიზებაც
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გასულ სეზონში გასწია.
წლის წიგნის პრეზენტაციას
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები
და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ფედერაციისა
და სუპერლიგის სპონსორები, რომლებმაც დამსწრეთა შორის სხვადასხვა პრიზები გაათამაშეს.
დამსწრეთ სუპერლიგის
აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე მიესალმა:
“მოგილოცავთ
ახალი სეზონის დაწყებას და გთავაზობთ ახალ, რიგით მეორე ჟურნალს, რომელშიც ფედერაციის
მიერ ორგანიზებული ღონისძიებებია თავმოყრილი. ასევე აქ არის ის ღონისძიებები, რომლის
ორგანიზებაშიც ფედერაცია სხვებს დაეხმარა. პირველი ჟურნალი 1000-იანი ტირაჟით გამოვიდა,
თუმცა მოთხოვნის გაზრდის გამო ტირაჟი
3000-მდე ავიდა. ამ წიგნში თავმოყრილია ციფრები და ეს არის არა ჰაერზე ლაპარაკი, არამედ
დოკუმენტალურად გადმოცემული ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს და რა საქმიანობას
ეწევა კალათბურთის ფედერაცია. გასულ სეზონში მთლიანობაში 1300-მდე მატჩი გავმართეთ
და მინდა ვთქვა იმათ გასაგონად, ვინც ვერ ხედავს კალათბურთის ფედერაციის მუშაობას.
წაიკითხონ ეს წიგნი და ნახონ, თუ რა კეთდება კალათბურთში. ეს წიგნი დაურიგდება საქართველოს
ჩემპიონატების ყველა მონაწილეს, საკალათბურთო სკოლებს და ორგანიზაციებს. ასევე განთავსდება
ჩვენს ვებ-გვერდზე და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
პრეზენტაციაზე
შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ღვაწლმოილ ჟურნალისტს, ქართული კალათბურთის მემატიანე
გარუნ აკოფოვს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა. იუბილარი საპატიო სიგელითა და ფულადი
ჯილდოთი დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.
ფედერაციისა და
სუპერლიგის სპონსორებმა პრეზენტაციაზე მოსული საზოგადოებისთვის პრიზები გაათამაშეს:
კომპანია ნატახტარმა ლუდი “ქარვა”, აუდიტორულმა კომპანია “ცოდნისამ”
– წიგნები, აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა-ბეთმა” 50-ლარიანი ინტერნეტ-ვაუჩრები.
კალათბურთის ფედერაციამ კი კომპანია ,,ბეკოს” საკალათბურთო ბურთები და ეროვნული ნაკრების მაისურები გაათამაშა.
პრეზენტაცია სუპერლიგის
ტორტის საზეიმო გაჭრითა და ალაფურშეტით დასრულდა.