სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “რუსთავი” რთულ ვითარებაშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს, რომელსაც ცოტა ხნის წინ თითქოს არაფერი ემუქრებოდა, ბოლო 4 მატჩი წააგო და გასავარდნ ზონაშია. მართალია, ქვემოქართლელებს ბოლო ადგილი და სუპერლიგიდან “ა” ლიგაში პირდაპირ დაქვეითება არ ემუქრებათ, თუმცა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რეალური შანსია, რუსთაველებმა მე-10 ადგილი დაიკავონ და სუპერლიგაში ადგილის დაცვა საკვალიფიკაციო სერიაში მოუხდეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს “ა” ლიგის ფინალისტთან მოუწევს საკვალიფიკაციო სერიის თამაში და გამარჯვებული მომავალ სუპერლიგაში ადგილს მოიპოვებს.
ქვემოქართლელებს ცუდი სენი აქვთ. უმეტესწილად, დამაჯერებლად იწყებენ, ლიდერობენ და თითქოს არაფერი ემუქრებათ, თუმცა მეორე ნახევარში, უფრო კი ბოლო პერიოდში ყველაფერი თავდაყირა დგება და უიმედოთ აგებენ. ასე იყო თსუ-სთან, ასე იყო “კაკტუსტან” და ასე იყო დღეს, “ტიტებთან”. ბესიკ ლეჟავას გუნდმა პირველი ნახევარი 7 ქულით წააგო და საქმის გამოსწორება მესამე პერიოდიდან დაიწყო. კარგადაც გამოუვიდათ. პერიოდის მიწურულს ტიტებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მთავარი დარტყმა მეტოქეს ბოლო ათწუთეულში მიაყენეს.
3 უცხოელი კალათბურთელის, ჯავიონ ოგუნიემის, კრის პარკერისა და ისააკ ასრატის წინამძღოლობით “ტიტებმა” 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, “რუსთავს” წარმატების შანსი არ მისცემია. საბოლოოდ 90:83 (სტატისტიკა) და “ტიტებმა” სატურნირო ცხრილის შუაში გამაგრდა. ბესიკ ლეჟავას გუნდს “ა” ლიგაში დაქვეითების საფრთხე კონკურენტებზე ნაკლებად ემუქრება.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ოგუნიემისმ, რომელმაც 25 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა. ოგუნიემიმ მოხსნებში მიმდინარე სეზონის საკუთარი რეკორდი გაიმეორა. 24 ქულა დააგროვა კრის პარკერმა, ხოლო ისააკ ასრატმა 21 ქულა და 13 პასი მიითვალა და 2 პასით ჩამორჩა ოლიმპელი გივი ბაქრაძის მიმდინარე სეზონის რეკორდს. “რუსთავში” 26 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი, 18 ქულა დააგროვა ლუვეინ პიპკინსმა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.