სუპერლიგის მორიგ მატჩში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები – ტიტები და მარგვეთი დაუპირისპირდნენ. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ ტიტებს 11 მატჩიდან მხოლოდ 3 მოგება ჰქონდა, ხოლო მარგვეთს – 4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა ახალი სახელით (აქამდე მეგა ერქვა) პირველად წააგო. შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის აბსოლუტურ უმეტესობას მარგვეთი იგებდა და თითქოს მის მოგებას წინ არაფერი ედგა, თუმცა ტიტების შეუპოვრობამ და გაუტეხლობამ შედეგი გამოიყო. ბოლო პერიოდის შუაწელში წამოწყებული შტურმი ტიტების წევრებმა წარმატებით დააგვირგვინეს და საბოლოო გამარჯვებაც გაიფორმეს – 97:94 (სტატისტიკა).
მარგვეთმა პირველი წრის შემდეგ 2 ლეგიონერი დაიმატა და გუნდის შემადგენლობა გვარიანად გაიძლიერა. ცვლილებები მოახდინა ტიტებმაც, რომელმაც ბათუმიდან სანდრო სანაძე და ახალი ლეგიონერი – დარიუს ბელი დაიმატა. ორივე გუნდის უპირველესი მიზანი სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება, შემდეგ კი პლეი ოფში გასვლა და იქ მაქსიმალური ბრძოლაა. შესაბამისად, ორივე მათგანისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და ამ შეხვედრის მოსაგებად ტიტებმაც და მარგვეთმაც ყველაფერი გააკეთეს.
თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მარგვეთი 11 ქულით – 90:79 იგებდა და თითქოს არაფერი ემუქრებოდა. ტიტები ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. სანდრო სანაძის, მიქაელ უგრეხელიძის და დარიუს ბელის მექულეობით ტიტებმა 11:0 გარღვევა მოაწყო და მატჩის დასრულებამდე 3,5 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 90:90. მარგვეთს, რომელსაც გამარჯვება ჯიბეში ჰქონდა, წაგების წინაშე აღმოჩნდა და ამ ფსიქოლოგიური წნეხისგან ბოლო, გადამწყვეტ წუთებში ვეღარ გათავისუფლდა. საბოლოოდ ტიტებმა გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მარგვეთს გაუთანაბრდა.
გამარჯვებულებს 26 ქულით კენდრიკ ტომპსონმა ულიდერა. 20 ქქულა და 10 მოხსნა ჰქონდა სანდრო სანაძეს. 15 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დარიუს ბელმა. მარგვეთში 26 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 19 ქულა და 11 მოხსნა მარქუს გილსონმა, ხოლო 18 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი რონი როზიეს ანგარიშზეა.