ტიტებმა კაკტუსი დაძაბულ ბრძოლაში – 77:76 დაამარცხა

ტიტებმა კაკტუსი დაძაბულ ბრძოლაში – 77:76 დაამარცხა

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საკალათბურთო კლუბმა “ტიტებმა”, რომელმაც ბოლო მატჩებში წარმატებული “კაკტუსი” დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-6 გამარჯვების მოპოვებით გასავარდნ ზონას ცოტათი დაშორდა. თავის მხრივ “კაკტუსმა” 4-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა და ცხრილში ამ მომენტისთვის 6 მოგებით 4 გუნდია წარმოდგენილი – მეგა, კაკტუსი, ტიტები და რუსთავი, რომლებიც ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ცხრილში VI-IX ადგილებზე ამ თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და უშეღავათო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გაირკვა. გამარჯვებული ერთმა წარმატებულმა შეტევამ და მეორე გუნდის წარუმატებელმა სროლამ გადაწყვიტა. გამარჯვებული “ტიტები” აღმოჩნდა, რომლის წევრებმაც გადამწყვეტ ეპიზოდში მეტი სიზუსტე გამოავლინეს.

ბოლო წუთზე, ტიტების ამერიკელი ლეგიონერის და ამ მატჩში საუკეთესო ბომბარდირის, ისააკ ასრატის აცილებული სამქულიანის შემდეგ რევაზ როგავამ სწრაფი გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და კაკტუსი მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე 1 ქულით – 76:75 დააწინაურა. ტიტების საპასუხო შეტევაში ამ გუნდის წევრებმა ორჯერ ააცილეს ორქულიანი – ჯერ ასრატმა, შემდეგ ლევან ბაბილოძემ გააცუდეს სროლები, თუმცა მხსნელად ტიტებს ჯავიონ ოგუნიემი მოევლინა, რომელმაც ბურთი მოიხელთა და დასრულებამდე 14 წამით ადრე დამაწინაურებელი ბურთი ჩააგდო – 77:76. 

ბოლო შეტევაში ჯორდან ფორბსმა ბურთი მიზანს ააცილა, რომელსაც მისი თანაგუნდელი, დერიკ ნიუტონი დაეპატრონა, თუმცა დროის ამოწურვის გამო სროლა ვეღარ მოასწრო – 77:76 (სტატისტიკა) ტიტების სასარგებლოდ, რომელსაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ოგუნიემიმ ულიდერა. ასრატის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა, ლევან ბაბილოძე გამარჯვებულებს 13 ქულით შეეხიდა. კაკტუსში 18 ქულით ბომბარდირი გახდა რევაზ როგავა, 14 ქულა დენზელ ლივინგსტონმა, ხოლო 13 – ლუკა ზაქრაძემ მიითვალა.