დღეს დაიწყო სუპერლიგის მორიგი, მე-20 ტური, რომლის 3 მატჩიც დღეს ოლიმპიურ სასახლეშია დაგეგმილი. პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” “ბათუმს” უმასპინძლა და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 96:82 (სტატისტიკა).
ტიტები ბოლოსწინა ადგილზე იყო და წაგების შემთხვევაში ამ ადგილზე რეგულარულის დასრულების რეალური კანდიდატი იქნებოდა. ბოლოსწინა ადგილზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება გიწევს. აქედან გამომდინარე, ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და თითოეულმა წევრმა ამისათვის მაქსიმუმი გაიღო.
ტიტებმა თავიდანვე აქცენტი შორ სროლებზე გააკეთა. ფარქვეშ კი დარიუს ბელი კარგად ართმევდა თავს ბათუმელ ოპონენტებთან პაექრობას და პირველი პერიოდი მასპინძლების გამარჯვებით 24:22 დასრულდა. ტიტებმა მეორე პერიოდიც 2 ქულით მოიგო და დიდ შეხვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა. თბილისურმა გუნდმა წარმატებული თამაში 15-წუთიანი შესვენების შემდეგაც განაგრძო და უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა – 70:53.
ამის შემდეგ ბათუმელებმა ტაქტიკა შეცვალეს, ბრძოლის ასპარეზის სამწამიან ზონაში გადაიტანეს და როცა შორი სროლებიც წაუვიდათ, ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ეს მოხდა ბოლო პერიოდის მე-3 წუთზე, ანუ თამაშის დასრულებას რომ 7 წუთი აკლდა. ტიტებს თითქმის მოგებული მატჩი ხელიდან ეცლებოდა, თუმცაესე არ მოხდა. აკაკი ლომოურის, სანდრო სანაძის და განსაკუთრებით, კენდრიკ ტომპსონის შედეგიანობამ ტიტებს ის ლიდერობა დაუბრუნა, რაც მოსაგებად საკმარისი იყო.
ლეჟავას გუნდი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე ცხრილში უშუალო კონკურენტებთნ – ქუთაისთან და მარგვეთთან ჩამორჩენა შეამცირა. ტიტებში 19 ქულით და 12 მოხსნით დარიუს ბელი გამოირჩა. 20 ქულა, 11 პასი და 4 ჩაჭრა კენდრიკ ტომპსონის ანგარიშზეა. 19 ქულა მიითვალა სანდრო სანაძემ, აკაკი ლომოურის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. ბათუმში 21 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან სეშენსი. 18 ქულა და 7 პასი კაილი რიდლიმ დააგროვა.