სუპერლიგის მორიგი ტური საოცარი მატჩით დასრულდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა”, რომელიც არჩილ ჟღენტის “კაკტუსთან” მესამე პერიოდის მიწურულს 18 ქულით აგებდა, საბოლოოდ 102:92 (სტატისტიკა) იმარჯვა.
18-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დიდი მოულოდნელობა არაა, მიმდინარე სუპერლიგაში ამაზე მეტი დეფიციტიც გაბათილებულა, თუმცა აქ გამოსარჩევია ტიტების უპრეცედენტო გარღვევა. 6-წუთიანი მონაკვეთი, რომელიც ბოლო პერიოდის მეორე წუთზე დაიწყო, მარკოიშვილის გუნდმა 27:4 (!) მოიგო და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 94:84 დაწინაურდა. ამგვარი გაქცევა კი მართლაც იშვიათია. ტიტების ყველა მოთამაშემ განსაკუთრებულად ითამაშა და საკუთარი მაქსიმუმი გაიღო, თუმცა გამოსარჩევია აკაკი ლომოურის ბასრი მიზანი, რომელმაც საჭირო დროს, უმნიშვნელოვანესი სამქულიანებით თავისიანების ცეცხლოვან გაქცევას ნავთი მოასხა.
კაკტუსი მეორე წრეში ძალიან შედეგიანად თამაშობს, რითაც არჩილ ჟღენტის გუნდმა სუპერლიგაში დარჩენის საპირველწრეო საფრთხე თავიდან აირიდა. კაკტუსელებმა აქამდე გამართული 8 მატჩიდან 6 მოიგეს. დღეს კი ტიტებთანაც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ… თავის მხრივ მარკოიშვილის გუნდმა ამ გამარჯვებით ის გაარკვია, რომ ბოლო ადგილს აღარ დაიკავებს. დღეს მოიგო დინამომაც და გადაწყდა, რომ სუპერლიგიდან კლუბი “მგზავრები” გავარდება. დარჩენილ მატჩებში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ადგილიდან ზევით ვერც ერთ ვარიანტში ვეღარ ავა.
რომელი გუნდი გავა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე და ვის მოუწევს “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის მომავალი სეზონის საგზურისთვის ბრძოლა, ძალიან მეჩხერი ცხრილის გათვალისწინებით, რთული სათქმელია. მე-3 და მე-10 ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში, ანუ საუკეთესო 8 გუნდში შესაძლოა ვერ მოხვდეს ამ 8 გუნდიდან ნებისმიერი ორი: დინამო, ტიტები, ოლიმპი, ბათუმი, ვერა, თსუ, კაკტუსი, ცხუმ-აფხაზეთი. ამასთან, გარკვეულია, რომ რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს “რუსთავი”, ხოლო მეორეზე “ქუთაისი” გავა.
სუპელრიგის მომდევნო მატჩი 4 აპრილს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.