რუსთავსა და თსუ-ს შორის სუპერლიგის ფინალური სერია დაიწყო. ეს გუნდები ერთმანეთს ფინალურ სერიაში შორეულ 2010 წელს შეხვდნენ და მაშინ რუსთაველებმა სერია 3:1 მოიგეს. მთლიანობაში რუსთაველებს სუპერლიგა 5-ჯერ აქვთ მოგებული, თსუ კი პირველი ტიტულის ძიებაშია. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, სერიის პირველი მატჩი სტუმრად – რუსთავში მოიგო და მეტოქეს მოედნის უპირატესობა აართვა.
თუ რას ნიშნავს რუსთავისთვის ეს უპირატესობა, დღეს, ქიმიკოსთა დარბაზში რომ ყოფილიყავით, იოლად მიხვდებოდით. სავსე დარბაზი, რომელიც არ ჩუმდებოდა. დარბაზში იყო თსუ-ის მხარდამჭერთა ასეული, თუმცა მასპინძლები ბევრად სჭარბობდნენ და მთელი თამაშის მანძილზე გამაყრუებელი ხმაური იყო.
რუსთაველები ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს მხურვალედ ქომაგობდნენ, რომელმაც მატჩი ბოლო წუთებზე დათმო. რუსთავი მთელი თამაში იგებდა, უფრო სწორად, ბოლო წუთებამდე წინ იყო და სწორედ საკვანძო მომენტში იმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რაშიც ლომის წილი ეროვნული ნაკრების რეკორდსმენ ვეტერანს, გიორგი ცინცაძეს უდევს, რომელიც სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – 18 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.
ცინცაძი იყო გაჭირვების ტალკვესი, რომელიც თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა, უფრო ხშირად აგდებდა და ფარიდან ასხლეტილ ბურთებსაც სხვებზე წარმატებით ეუფლებოდა. რუსთავი თავიდან რომ დაწინაურდა, სტაბილურად იგებდა. მასპინძელთა ლიდერობამ დიდი შესვენებისთვის მაქსიმუმს – 14 ქულას მიაღწია. ქვემოქართლელები შემართებით თამაშობდნენ. გამოსარჩევი იყო გუგა პატაშური და ტრეი კროფტი, რომლებიც მესამე პერიოდამდე მასპინძლებს უძღვებოდნენ, აღნიშნულ პერიოდში თსუ-მა გაუვალი დაცვა დააყენა, რისი წყალობითაც თბილისელებმა 14 ქულიანი ჩამორჩენა ბოლო პერიოდამდე 4 ქულამდე შეამცირეს.
თსუ-მ გადამწყვეტი იერიში მეტოქეზე ბოლო ათწუთეულში მიიტანა. ცინცაძესთან ერთად ათამაშდა მალკოლმ დრამრაითი, რომელმაც არაერთი საკვანძო ბურთი ჩააგდო. ბოლო 2 წუთში თსუ-ის მოთამაშეებმა მეტი კონცენტრაცია და პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს – 69:66 (სტატისტიკა).
სარგებლიანობით საუკეთესო მალკოლმ დრამრაითი იყო, რომელმაც 19 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ცინცაძეს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა, ჯიმონ ჰენსონმა 10 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ბექა ბექაურმა კი პირიქით 7 ქულა და 10 მოხსნა. რუსთავში 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გუგა პატაშური, ტრეი კროფტმა 14 ქულა 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
თამაშის შედეგს არ ეხება, მაგრამ აქვე ვახსენოთ, რომ მატჩის დიდ შესვენებაზე გაიმართა გათამაშება მაყურებლებს შორის, რომელიც კალათბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ორივე მონაწილეს, განურჩევლად ნაჩვენების შედეგისა, გადაეცათ ეროვნული ნაკრების მაისურები და სუვენირები.
ფინალური სერიის მე-2 მატჩი 21 მაისს, რუსთავის დარბაზში, 19:00 საათზე გაიმართება.