თსუ-მა მარგვეთს სერია 3:1 მოუგო და ფინალში რუსთავს საჩემპიონოდ შეერკინება

თსუ-მა მარგვეთს სერია 3:1 მოუგო და ფინალში რუსთავს საჩემპიონოდ შეერკინება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფინალში გავიდა. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდებოდა, ზესტაფონის მარგვეთი დაამარცხეს. სანამ საკუთარ სარბიელს მოაწესრიგებენ, ზესტაფონში შუა სეზონისას თბილისიდან გადასული მარგვეთი (ყოფილი მეგა) მატჩებს თბილისში ატარებს. შესაბამისად, სერიის მე-3 და მე-4 მატჩები, რომელშიც მარგვეთი ნომინალური მასპინძელი იყო, თბილისი არენაზე ჩატარდა, სადაც მანამდე გამართული 2 მატჩიდან გუნდებმა მოგებ-წაგება გაცვალეს.

უნივერსიტეტელებმა ნახევარფინალის გადამწყვეტი შეხვედრა 11 ქულის სხვაობით მოიგეს, თუმცა თამაშის მსვლელობისას, მეორე პერიოდში, 22 ქულით იგებდნენ. მარგვეთი მებრძოლი გუნდია, ასე იოლად მოგებას, რომელიც საჩემპიონო გზიდან ჩამოშორების ტოლფასი გახლდათ, იოლად არ დათმობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ზესტაფონელებმა მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს და გადამწყვეტი იერიში მეტოქეზე ბოლო პერიოდში მიიტანეს. 

მეოთხე ათწუთეულის წინ ზუსტი შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით მარგვეთმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა და 2-წუთიანი შესვენების შემდეგ მეტოქეზე გადამწყვეტი შეტევა მიიტანა. ტობიას ჰოვარდის სამქულიანის შემდეგ ზესტაფონელებმა დეფიციტი 4 ქულამდე შეკვეცეს და შეტევის უფლებაც მოიპოვეს. ზაკ უოლტონის გარღვევა არაზუსტი აღმოჩნდა, რომლის ჩაგდების შემთხვევაში თსუ-ს 2-ქულიანი ლიდერობა რჩებოდა.

თსუ-მ იოლი გამოსავალი იპოვა: სამქულიანები. საკვანძო შორი სროლები ჩააგდეს ჯიმონ ჰენსონმა, მიხეილ ბერიშვილმა, ნიკოლოზ დარბაიძემ და საბოლოო წერტილი მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ნახევარფინალურ სერიაში ზეშედეგიანად ათამაშებულმა გიორგი ცინცაძემ დასვა. ეროვნული ნაკრების რეკორდსმენმა (204 მატჩი) სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი სამმაგი დუბლი დააფიქსირა. ცინცაძის ანგარიშზე 22 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ს ვეტერანი გამთამაშებელი აგდებდა, ხსნიდა და რაც უმთავრესია, თამაში მიჰყავდა. მისი შეჩერება მარგვეთელებმა ვერ მოახერხეს, რადგან ცინცაძის არსენალში ყველა ის იარაღი იყო, რითაც კალათბურთელი ფასობს და საშიშია ნებისმიერი მეტოქისთვის. 

ცინცაძის სამიანის შემდეგ თსუ 77:69 დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენამდე მთელი 3 წუთი იყო, თსუ-თვის ეს გამარჯვებას ნიშნავდა. გამოცდილი მოთამაშეების გუნდს მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობის ბოლო წუთებში შენარჩუნება არ გასჭირვებია – 91:80 (სტატისტიკა).

ცინცაძის სამმაგი დუბლის კვალზე 18 ქულითა და 8 მოხსნით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა. 16 ქულა მიითვალა მიხეილ ბერიშვილმა, ნოდარ გოგოძემ 12 მოაგროვა. ბექა ბექაურმა 11 ქულა, 6 მოხსნა და მატჩში უმეტესი 4 დაფარება მოაგროვა. მარგვეთში 18 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით საუკეთესო შედეგი ნიკა ჩეჩელაშვილმა დააფიქსირა. 20 ქულა მოაგროვა ტობიას ჰოვარდმა, 16 – ზაკ უოლტონმა, მარქუს გილსონის ანგარიშზე 14 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. 

ფინალურ სერიაში სუპერლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად თსუ რუსთავს შეხვდება. სერიის 3 მატჩი 20, 21 და 24 მაისს გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში, მე-4 და მე-5 მატჩები შესაბამისად 25 და 28 მაისსაა დაგეგმილი. მე-3 ადგილისთვის მატჩი 21 მაისს შედგება: მარგვეთი კავკასიის წინააღმდეგ.