თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა და მეორე წრეში დაუმარცხებელია. ლექსო ლაფანაშვილის, დიმიტრი ჭელიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თანაც ერთმანეთის მიყოლებით სუპერლიგის სულ რჩეული გუნდები – დელტა, კავკასია და კაკტუსი დაამარცხა. მართალია, ჩემპიონატის ლიდერი გვარიანი დანაკლისით შეხვდა თსუ-ს, თუმცა უნივერსიტეტელთა გამარჯვებას ეს ფაქტი არ აკნინებს – ლაფანაშვილის გუნდმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი წევრი, გიორგი ცინცაძე აკლდა, დამსახურებულად გაიმარჯვა და მოგებებით რუსთავსა და კავკასიას გაუთანაბრდა, ხოლო ლიდერ კაკტუსსა და ოლიმპს თითო გამარჯვებით ჩამორჩება.
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ კაკტუსს ერთბაშად 3 ლეგიონერი აკლდა. მაილს დანიელსი, ჯეისონ კოპმანი და სედრიკ ალლეი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო არ თამაშობდნენ. შესაბამისად, კაკტუსი თავიდანვე განწირული ჩანდა და საბოლოოდ ასეც მოხდა. თსუ-მ შეხვედრა დამაჯერებელი სხვაობით – 100:84 (სტატისტიკა) მოიგო, თუმცა იყო მომენტები, როცა კაკტუსელებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და იყო შანსი, თამაში დაძაბულიყო, თუმცა… უნივერსიტეტელთა ლეგიონერები – ჯიმონ ჰენსონი, მალკოლმ დრამრაითი და კორი ბოუენი სტაბილურად თამაშობდნენ, რომლებსაც ქართველი მოთამაშეები – ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, ივა მეგენეიშვილი, ნოდარ გოგოძე, ნიკოლოზ დარბაიძეც ეხმარებოდნენ და თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
კაკტუსმა მეორე წრეში 3 მატჩიდან 2 წააგო, თუმცა ლიდერობა არ დაუკარგავს. დღეს, ორიოდ საათით, კაკტუსს ოლიმპმა გადაასწრო, თუმცა ეს რომ დროებითი იყო, ყველამ იცოდა. კაკტუსმა თსუ-თან წაგებით მიღებული ქულით ოლიმპს ისევ გადაასწრო, თუმცა დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი ოლიმპია, რომელსაც ლიგაში ყველაზე ნაკლები – 3 დამარცხება აქვს.
თსუ-ს ბექა ბექაურმა ულიდერა, რომელმაც შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა: 19 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. ჰენსონმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე კი 16 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი აკუმულირდა. კაკტუსში საუკეთესო შედეგი რაიან ალენმა დააფიქსირა -20 ქულა, 4 პასი. 1 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, ხოლო 12 – მერაბ ბოქოლიშვილმა მიითვალა.