თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კვლავ ლიდერია. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა თსუ-მ უხერხული მეტოქე “მეგა” 72:64 (სტატისტიკა) დაამარცხა და 1 დღით დაკარგული სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა.
თსუ-მ “მეგასთან” წინა დაპირისპირება დათმო, რომელიც გუნდებმა 3 კვირის წინ საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში ჩაატარეს. პირველ წრეში უნივერსიტეტელებს”მეგა” 88:77 ჰყავდათ დამარცხებული და ამჯერადაც, როგორც თავში ნახეთ, დაახლოებით ამ სხვაობით მოუგეს.
სათქმელია, რომ ამჯერად თსუ-მ უფრო მეტი ინერვიულა, ვიდრე პირველ წრეში მოგებულ მატჩში. ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ნახევარში მოპოვებული 20-ქულიანი ლიდერობა (42:22) ბოლო პერიოდში გაანიავა. შეხვედრის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე ტაილერ კორბინის სამქულიანი შემდეგ ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე (64:69) შემცირდა.
მართალია, თსუ-ს მეტოქე ამაზე ახლოს აღარ მიუშვია და ლიდერობა მალევე კვლავ საიმედო გახადა, თუმცა იმ მომენტში აღებული წუთშესვენებისას უნივერსიტეტელთა ბანაკში გვარიანი იმედგაცრუება სუფევდა. ლაფანაშვილმა მკაცრი შენიშვნები მისცა გუნდის წევრებს, რომლებიც მეტი მობილიზებით დაბრუნდნენ მოედანზე და დარჩენილი დრო ისე ჩაითამაშეს, მეტოქისთვის წარმატების შანსი აღარ მიუციათ.
საკვანძო ბურთები ლოველ ქაბილმა ჩააგდო, რომელმაც ბოლო წუთზე ჩაჭრაც განახორციელა და ტრადიციულად, თსუ-ს შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხნა და 3 პასი დაგროვდა. არანაკლებ სასარგებლო იყო პაპ დიოპი, რომელმაც ფარზე კარგად იმუშავა და მოხსნებთან ერთად (11) ქულებიც (12) აგროვა. 11 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა, 10 ქულა რაილ ოუენსმა მიითვალა. “მეგაში” 24 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი. 16 ქულა ტაილერ კორბინმა დააგროვა.