“მარგვეთი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე მეტი, 19 მატჩი აქვს ჩატარებული და შესაბამისად, 1 შეხვედრის გამართვაღა დარჩა. რეგულარულის დასკვნით მატჩში მარგვეთის მეტოქე “ვერაა”, რომელსაც სუპერლიგაში დარჩენის შანსი აღარ აქვს რეალური არაა, ამ გუნდმა მარგვეთს პლეი ოფში გასვლის შანსი წაართვას. მარგვეთს დღეს რომ მოეგო, პლეი ოფის საგზურს, ანუ 8 საუკეთესოთა შორის მოხვედრას, ფაქტობრივად გაინაღდებდა, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი თსუ-ს გადააწყდა, რომლის უდიდეს პოტენციალს ვერაფერი მოუხერხა და 77:93 (სტატისტიკა) დამარცხდა.
თსუ-მ ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის გარეშე ითამაშა, თუმცა ეროვნული ნაკრების წევრის არყოფნა, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს არ დასტყობია. უნივერსიტეტელებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და მარგვეთი მდევრის როლში თავიდანვე აღმოჩნდა. მხოლოდ მეორე პერიოდის დასკვნით წუთებში იყოჩაღეს მარგვეთელებმა, როცა 10 ქულით ჩამორჩენილებმა დეფიციტი 2 ქულამდე შეკვეცეს.
რომ იტყვიან, შესვენებამ სულზე მოუსწრო თსუ-ს. უნივერსიტეტელებმა მესამე პერიოდი გაქცევით დაიწყეს და უპირატესობა უმალ ააცილეს 10-ქულიან ზღვარს. ჩერქეზიშვილმა არაერთი წუთშესვენება აიღო, მაგრამ იშტაზე მოსულ თსუ-ს ვერაფერი მოუხერხა. ათწუთეულის 29:18 მოგებით სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც თამაშის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნეს.
ამ გამარჯვებით თსუ-მ დელტასა და ბათუმს გადაასწრო და მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. უნივერსიტეტელთ შორის საუკეთესო შედეგი მალკოლმ დრამრაითმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 მოხსნა მოაგროვა. 25 ქულით ბომბარდირი ჯიმონ ჰენსონი გახდა. 14 ქულა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო 13 – ნიკოლოზ დარბაიძემ მიითვალეს. მარგვეთში 24 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო მარქუს გილსონი გახლდათ. 17 ქულა რონი როზიეს ანგარიშზეა.