მეორე წრე ლიდერებისთვის წარუმატებლად დაიწო. კაკტუსმა 2 მატჩიდან ერთი წააგო, კავკასიამ კი ორივე შეხვედრა დათმო. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა დღეს თსუ-თან შეხვედრა დათმეს. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მეტად პრინციპული დაპირისპირება მოიგო და მეორე წრეში დაუმარცხებელია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდა წინა ტურში კიდევ ერთ ფავორიტ “დელტას” ოვერტაიმში სძლია და იმ პოტენციალს, რომელიც თსუ-ს ჭარბად აქვს, გასაქანი მისცა.
თსუ-მ თავი ისეთ შემადგენლობას მოუყარა, ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად იქცა. გუნდში ეროვნული ნაკრების 3 წევრია, რომელთაგან კავკასიასთან სრული დატვირთვით მხოლოდ ერთმა – ბექა ბექაურმა ითამაშა და თსუ-მ მაინც მოიგო. გიორგი ცინცაძეს ფეხი აწუხებს და მწვრთნელებმა დაასვენეს, ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა – მიხეილ ბერიშვილმა კი მხოლოდ 9 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი მიითვალა. თსუ-მ სრულად დატვირთვა ბოლო დროს შემატებული ლეგიონერები – ჯიმონ ჰენსონი და მალკოლმ დრამრაითი, ხოლო საუკეთესო სტატისტიკა კიდევ ერთმა ლეგიონერმა, პირველივე ტურიდან გუნდში მყოფმა კორი ბოუენმა დააფიქსირა. ამათ გარდა გუნდში არიან სუპერლიგის კვალობაზე ძალიან კარგი კალათბურთელები – ნიკოლოზ დარბაიძე, ნოდარ გოგოძე, ივა მეგენეიშვილი.
სწორედ დაბალანსებული შემადგენლობა იყო იმის მიზეზი, რომ თსუ-ს კავკასიამ გასაღები ვერ მოუძებნა. სანამ სწრაფი შეტევებითა და შორი სროლებით ხეირობდნენ, კავკასიელებს არაფერი უჭირდათ. ილია ლონდარიძე ფარქვეშეთს ამაგრებდა, რომელსაც აიზია ელისი ეხმარებოდა და მესამე პერიოდამდე კავკასია მხნედ და ლიდერის ამპლუაში მივიდა. 4-ქულიანი უპირატესობა კავკასიელებმა 11-ქულიან ლიდერობად აქციეს, რაც ჯასტინ ფორესტის ზუსტი გარღვევისას დაფიქსირდა – 58:47. მესამე პერიოდის დარჩენილი 7 წუთი თსუ-მ 21:4 მოიგო, რითაც მეტოქე ფაქტობრივად წელში გატეხა. საკვანძო ეპიზოდში უნივერსიტეტელებმა გუნდურად ითამაშეს და მედგარ დაცვასთან ერთად მრავალფეროვანი არსენალი გამოიყენეს სწრაფი შეტევების, სამქულიანებისა და შედეგიანად დაგვირგვინებული კომბინაციების სახით.
მეოთხე პერიოდის წინ თსუ 68:62 იგებდა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა, თუმცა კავკასიელთა დიდი წინააღმდეგობის ფონზე. წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს წარმატების შანსი ბოლოსწინა წუთზე მიეცა, როცა ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია ლონდარიძემ ზუსტ ორქულიანს ჩაროზ-საჯარიმო მოაყოლა და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეკვეცა. კავკასიელთა იმედებს ცივი წყალი ნოდარ გოგოძის სამქულიანმა გადაასხა, რის შემდეგაც, მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე, თსუ-ს ლიდერობა 8 ქულამდე გაიზარდა. საბოლოოდ 91:84 (სტატისტიკა) და თსუ-მ ცხრილში ლიდერებს მიუკაკუნა.
უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ბოუენს ჰქონდა – 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება. ჯიმონ ჰენსონმა 22 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მალკოლმ დრამრაითმა კი დებიუტი 15 ქულითა და 6 პასით აღნიშნა. 10 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი ბექა ბექაურმა მიითვალა. კავკასიაში 25 ქულით ბომბარდირი გახდა ილია ლონდარიძე. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი აიზია ელისმა დააფიქსირა – 15 ქულა, 12 მოხსნა. კრის მაკნილის ანგარიშზე 17 ქულა და 8 პასი დაგროვდა.
სუპერლიგის მიმდინარე ტური 5 თებერვალს, რუსთავში დასრულდება, სადაც სათამაშოდ “ვერა” ჩავა.