თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო კაკტუსს და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გამარჯვებაც და თსუ ნახევარფინალში გავა. სათქმელად იოლია, თუმცა რეალურად უნივერსიტეტელებს დიდი ჯაფა დაადგათ ამ შეხვედრის მოსაგებად. ყველაფერი ერთმა სროლამ გადაწყვიტა, რომელიც თსუ-ის ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯიმონ ჰენსონმა საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე ჩააგდო და თსუ 67:65 დააწინაურა.
კაკტუსს დარჩა გასათანაბრებელი დრო და სწორედ ამას შეეცადა, თუმცა ფარქვეშ შეჭრილმა რაიან ალენმა ააცილა და დარჩენილ 3 წამში არაფერი შეცვლილა. თსუ-მა საბოლოოდ 69:67 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ნახევარფინალს მიუკაკუნა. არადა, კაკტუსი ამ თამაშში თითქმის სულ იგებდა. თსუ კი მდევრის როლში იყო, რომელიც პირველად კაკტუსს მესამე პერიოდის შუაწელში დაეწია და ქულით გაასწრო, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მაინც მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა და ლიდერობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს გუნდს კვლავ აკლდათ ბექა ბექაური, რომელსაც მხარი აწუხებს და სამედიცინო შტაბის ვარაუდით ნახევარფინალიდან თამაში შეეძლება. ნახევარფინალამდე თსუ-ს მე-3 მატჩი აქვს მოსაგები. პირველი მცდელობა უნივერსიტეტელებს 27 აპრილს ექნებათ. მომდევნო შეხვედრა ისევ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.