შესაძლოა, ბევრმა
არ იცის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შსს-აკადემიის“ ფორვარდი ლევან ფაცაცია
ცნობილი მომღერლის და ტელეწამყვანის, თიკა ფაცაცია ძმაა. მნიშვნელოვანი მატჩების დროს
თიკა თავისი ძმის და მისი გუნდის საქომაგოდ
ხშირად დადის სუპერლიგის მატჩებზე. გასულ ტურში „შსს-აკადემია“ ლევან ფაცაციას
ყოფილ გუნდ „სოხუმს“ შეხვდა და მაყურებელმა, მათ შორის თიკამ, სეზონის საუკეთესო მატჩი
იხილა, რომლის ბედიც 2 დამატებითი 5-წუთეულის შემდეგ გადაწყდა. სწორედ ამ მატჩის დროს
გახდა თიკა ფაცაცია ჩვენი რუბრიკის სტუმარი და კალათბურთთან ერთად სხვა საინტერესო
თემებზე გვესაუბრა.
სპორტი
სპორტს ბავშვობაში
აქტიურად მივდევდი, დავდიოდი ჩოგბურთზეც, რადგან ეს ფიზიკურად ფორმაში ყოფნის კარგი საშუალებაა და თან
დიდ სიამოვნებასაც იღებ. ჩემი სიმაღლის გამო
ყველას ეგონა, რომ ოდესმე კალათბურთზე შევიდოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, ბალეტზე
დავდიოდი, რომ სიმაღლიდან გამომდინარე სიარულის მანერა დამეხვეწა.
რაც შეეხება ჯანმრთელი
ცხოვრების წესს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი წელი ჩემი ფიზიკური
მდგომარეობს გამო ვერ ვივარჯიშე, ორსულად ვიყავი და მშობიარობის მერეც გარკვეული პერიოდი
არ შეიძლებოდა ფიზიკური დატვირთვა. ამას წინათ მე და ჩემი
შვილი სახლში რაღაც ვარჯიშების გაკეთებას ვცდილობდით და აღმოჩნდა, რომ
ფორმიდან აშკარად ამოვარდნილი ვარ. ერთი წელი ვარჯიშის გარეშე ყოფნისთვის
საკმაოდ დიდი დროა და აუცილებლად ვაპირებ უახლოეს მომავალში დავუბრუნდე ფიზიკურ აქტივობას. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიშით დაწყებული სწორი
კვებით დამთავრებული, ჩემი ცხოვრების კრედოა
და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
კალათბურთი
განსაკუთრებით
მიყვარს სპორტის ეს სახეობა. მამა მყავს მაღალი
და ახალგაზრდობაში ხშირად თამაშობდა კალათბურთს, მერე ჩემი ძმა დაინტერესდა კალთბურთით, თუმცა მანამდე
მე ვიყავი ერთი კალთბურთელი ბიჭით დაინტერესებული J
ჩემი მეგობარიც ასე იყო და მაშინ ყველანი ერთად,
აქტიურად დავდიოდით თამაშების საყურებლად.
ჩემმა ძმამ რომ
დაიწყო თამაში, საკმაოდ აქტიური გულშემატკივარი გავხდი, საყვირითაც კი მოვსულვარ მატჩებზე
და ასე ვგულშემატკივრობდი, რათა ჩემი მხარდაჭერა კარგად გამეგონებინა მისთვის. ჩემი
შვილიც ლევანის გზას მიჰყვება და არაერთ საათს ატარებს საკალათბურთო დარბაზში. ეს ძალიან მომწონს, რადგან კალათბურთი გამორჩეულია
ჩემთვის. საყურებლადაც ძალიან ლამაზი, დინამიური
სპორტია, სულ ჩართული ხარ და ანგარიშიც მუდმივად იცვლება. ფიზიკურადაც
ძალიან ლამაზად ვითარდებიან სპორტსმენები.
სუპერლიგა
ვიქნები გულახდილი
და ვიტყვი, რომ სუპერლიგაში როცა ჩემი ძმა თამაშობს, მაშინ ვარ აქტიური გულშემატკივარი.
სხვა შემთხვევაში ან ფინალი უნდა იყოს, ან მაქსიმალურად ჩართული უნდა ვიყო თამაშებში.
ამ ბოლო დროს ტელევიზორთან მიწევს ქომაგობა, რადგან სუპერლიგა ძირითადად სულ შაბათობითაა, ამ დღეს კი
შვილებთან ვატარებ და ერთად ვუყურებ ტელევიზიით.
იმედია, პლეი ოფებზე მოვახერხებ დასწრებას.
დასამახსოვრებელი მატჩი
ზუსტად ვერ ვიხსენებ
რა თამაში ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ მახსოვს მოწინააღმდეგე გუნდის ერთ მოთამაშეს
დავუხვდი ავტობუსთან, ერთი-ორი კარგი სიტყვა
ვუთხარი გამწარებულმა და საქართველოდან ასე
გავაცილე J გვარი არ მახსოვს
მაინცდამაინცJ
ძალიან აგრესიული მოთამაშე იყო, ამტვრევდა ჩვენებს და ძალიან გავბრაზდი.
ეროვნული ნაკრები
სამწუხაროდ, შარშან
ვერ გავყევი ნაკრებს სლოვენიაში. ტელევიზორით
რომ ვუყურებ ქართველ გულშემატკივრებს და საქართველოს
დროშებს, გული მიჩუყდება და მეც მინდება მათ
რიგებში ყოფნა. ამ ეტაპზე ვერ
მოვახერხე, მაგრამ მომავალში ვნახოთ, დიდი სურვილი მაქვს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე
ვუგულშემატკივრო.
წლევანდელ შესარჩევ
ეტაპს რაც შეეხება, იმედიანად ვარ განწყობილი. ბიჭები შეუძლებელს აკეთებენ და კარგი
მოლოდინი მაქვს. შიდა სამზარეულოდანაც ვიცი, რომ მათი შემართება და სულისკვეთება ძალიან დიდია. შარშან
ნაკრებმა ძალიან კარგად იასპარეზა, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შედეგი არ გვქონდა,
როგორიც გვინდოდა. ვამაყობ ქართული კალათბურთით და ჩვენი ნაკრებით.
ისევ კალათბურთი
სახლში ხშირად
ვუყურებთ კალათბურთს. ახლა ბევრი ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. არიან ლეგენდარული კალათურთელები,
მათ შორისაა უკვე კობი ბრაინტიც, რომელიც ძალიან
მიყვარს. ამ ბოლო დროს ლებრონ ჯეიმსი მომწონს, მაგრამ ჩემს შვილს არ უყვარს და აქ ვერ
ვეთანხმებით ერთმანეთს.
არ შემიძლია არ
აღვნიშნო ზაზა ფაჩულიას ყოჩაღობა და მისი ქართული სულისკვეთება მოედანზე. ასევე მსურს
წარმატება ვუსურვო თორნიკე შენგელიას ამ ახლადდაწყებულ გაზაზე. სხვათა შორის, თორნიკეს ამჟამინდელი გუნდი ჩემი თაობის საყვარელი კლუბია – ჩიკაგო ბულსი. სკოტი პიპენი, ჯორდანი და დენის როდმანი
– ეს ტრიო გამორჩეულად მიყვარდა.
გულშემატკივრობა
ძალიან ბევრი
დადებითი ენერგიაა სუპერლიგის თამაშებზე და ის დღე, როცა მატჩს ესწრები, ძალიან დასამახსოვრებელი
ხდება. ყველას მოვუწოდებ გაიხალისონ კონკრეტული
დღე, მოვიდნენ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ
და აქედან წიაღონ ბევრი დადებითი. ქართული
კალთბურთი ძალიან სანახაობრივი გახდა და ყველას ვურჩევდი თამაშებზე დასწრებას.