გალერეა29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თელავმა საერთაშორისო
საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი, სახელწოდებით „პატარა კახი“ 2005-2006 წლებში
დაბადებულ მოზარდთა შორის ჩატარდა და მისი ორგანიზატორები თელავის მერიის სპორტულ კლუბთა
გაერთიანება და კახეთის კალათბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი, საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაცია გახლდათ. „პატარა კახი“ ტრადიციული ტურნირია, რომელიც პირველად
შარშან გაიმართა, ხოლო წელს მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.
„პატარა კახში“ მონაწილეობა საქართველოს წამყვანმა საკალათბურთო
რეგიონების გუნდებმა მიიღეს. ქუთაისის, რუსთავისა და თელავის გუნდებთან ერთად ტურნირში
იასპარეზა თელავთან დამეგობრებულმა ლატვიის ქალაქ ტალსის გუნდმა.
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩების შემდეგ ფინალში
ასპარეზობის უფლება ლატვიურმა და ქუთაისურმა გუნდებმა მოიპოვეს. სატიტულო მატჩი საინტერესოდ
წარიმართა. ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება
ქუთაისელებს დარჩათ, რომლებმაც ფინალური შეხვედრა 1 ქულის სხვაობით მოიგეს. „პატარა
კახი -2017“-ის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი ლუკა ლომთაძე დასახელდა, რომელიც ფინალური
მატჩის შემდეგ დაჯილდოვდა.
დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ, ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა, კახეთისკალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა,
სოსო იაგორაშვილმა და თელავის მერიის სპორტულ კლუბთა გაერთიანების უფროსმა, გურამ გურაბანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას მოეწყო დასვენების
დღე და „პატარა კახის“ მონაწილე გუნდების წევრებს საშუალება მიეცათ, მოენახულებინათ
გრემისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსები.
გალერეა