ტაილერ გრინის ზეშედეგიანი თამაშის, უფრო ზუსტად, სროლის შედეგად “ცხუმ-აფხაზეთმა” 88:70 (სტატისტიკა) დაამარცხა “ბათუმი” და მიმდინარე სუპერლიგაში 8 წაგების წილ 8 მოგება გაუხდა. ამ გამარჯვებით ცხუმელებმა სოლიდური ნაბიჯი გადადგეს პლეი ოფში გასასვლელად და ცხადია, სუპერლიგიდან გავარდნის საფრთხეს გვარიანად დაშორდნენ.
მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეებმა უძლიერესი ათწუთეული ჩაატარეს, რომელიც 33:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ბათუმელებმა მესამე პერიოდში მაქსიმალური მობილიზება მოახდინეს, თუმცა მხოლოდ 9 ქულის გაბათილება მოახერხეს. ბოლო პერიოდის წინ ცხუმელები 70:61 იგებდნენ.
9 ქულის გაბათილება ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც სნაიპერი ჰყავს. ტაილერ გრინმა ბოლო პერიოდში 4 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ბათუმელებს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა. მთლიანობაში კი ტანმორჩილმა ამერიკელმა ლეგიონერმა 11 ცდიდან 8 სამიანი ჩააგდო, 32 ქულა დააგროვა და ცხუმ-აფხაზეთის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 17 ქულა მოაგროვა ჯოშუა მაკფოლმა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ბათუმელთაგან 14-14 ქულა ტომას უაილდერმა და ნიკოლა ვუიოვიჩმა მოაგროვეს. 13-13 ქულა ლევან ბაბილოძის და ანტუან ჯონსონის ანგარიშზეა.
ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ მეორე მატჩში ერთმანეთს ვერა და კაკტუსი შეხვდებიან.