ოლიმპისა და კაკტუსის მატჩით დასრულდა 2022-2023 წლების სუპერლიგის სეზონის რეგულარული ჩემპიონატი და ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო. ცხრილის ფორმირებაში აღნიშნული შეხვედრის შედეგს ერთადერთი მნიშვნელობა ჰქონდა: კაკტუსს რომ მოეგო, დელტა იკავებდა მე-6 ადგილს, ხოლო ბათუმი – მეშვიდეს. კაკტუსის წაგების შემთხვევაში კი პირიქით: ბათუმელები გადიოდნენ მეექვსეზე, ხოლო დელტა – მეშვიდეზე (ასეც მოხდა). თავად კაკტუსისთვის (და ოლიმპისთვისაც) ამ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ოლიმპი პირველ ადგილზე ასრულებდა რეგულარულ ჩემპიონატს, ხოლო კაკტუსი – მეხუთეზე.
საბოლოოდ კაკტუსმა დაძაბულ ბრძოლაში – 76:78 (სტატისტიკა) წააგო და სამმა გუნდმა – თავად კაკტუსმა, ბათუმმა და დელტამ თანაბარი ქულები დააგროვა. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში კაკტუსი იყო საუკეთესო, რომელსაც ცხრილში მე-5 ადგილი ერგო, მეექვსეზე ბათუმი გავიდა, ხოლო მეშვიდეზე – დელტა. ამით დარჩენილი 2 მეოთხედფინალური წყვილის ვინაობაც გაირკვა.
აღნიშნულ მატჩამდე ცნობილი 2 წყვილი ოლიმპი – მარგვეთი და თსუ – კაკტუსი იყო. კაკტუსის დამარცხების შემდეგ რუსთავს დელტა შეხვდა, ხოლო კავკასიას – ბათუმი. კაკტუსს რომ მოეგო, ბათუმი და დელტა ადგილებს (შესაბამისად მეტოქეებს) გაცვლიდნენ. ასე და ამგვარად, რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 110 მატჩის შედეგად გუნდები წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად განლაგდნენ. 8 მოწინავე პლეი ოფში გავიდა, მე-9 გუნდი სუპერლიგაში დარჩა და სეზონი დაასრულა, მე-11 “ა” ლიგაში დაქვეითდა, ხოლო მე-10 ადგილზე გასული “ტიტები” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან საკვალიფიკაციო სერიაში (3 გამარჯვებამდე) იბრძოლებს.
რეგულარული ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის – ქუთაისის პლეი ოფს მიღმა დარჩენაა. იმერულმა კლუბმა 8 მატჩი მოიგო, 12-ში დამარცხდა და ანალოგიური შედეგის მქონე მარგვეთს ურთიერთშეხვედრებში მქონე ბურთების უარყოფითი შეფარდების გამო ჩამორჩა.
პლეი ოფის ყველა ეტაპზე – მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში სერიები 3 მოგებამდე იქნება. მხოლოდ მე-3 ადგილის მფლობელი გამოვლინდება ერთი მატჩის შედეგად და მასში ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდები შეხვდებიან.
პლეი ოფი სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, დახლოებით 2 კვირაში დაიწყება, მანამდე კი 11-12 აპრილს თასის გათამაშების ოთხთა ფინალი ჩატარდება, რომელშიც ოლიმპი, თსუ, დელტა და ბათუმი არიან გასულები.