სუპერლიგაში პლეი ოფი იწყება. რეგულარული ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან დაიწყებს. პირველი საპლეიოფო შეხვედრა 5 მაისს, ქუთაისში, ადგილობრივ გუნდსა და “დინამოს” შორის გაიმართება, მეორე დღიდან კი მეოთხედფინალურ სერიას დანარჩენი 3 წყვილი გახსნის.
პლეი ოფში გასული 8 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა:
რუსთავი (1) – თსუ (8)
ქუთაისი (2) – დინამო (7)
ცხუმ-აფხაზეთი (3) – ოლიმპი (6)
კაკტუსი (4) – ვერა (5)
მოედნის უპირატესობა წყვილში პირველად მითითებულ გუნდებს აქვთ, რომლებმაც ეს უფლება ცხრილში მეტოქეზე უკეთესი ადგილის დაკავებით მოიპოვეს. ამ უპირატესობით სარგებლობა შეუძლიათ ორ წყვილში, რომელშიც რეგიონის გუნდები თამაშობენ. დანარჩენი 2 წყვილი თბილისურმა გუნდებმა შეადგინეს, რომლებიც ყველა მატჩს ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. ქვეყანაში არსებული ეპიდომიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. სამ მოგებამდეა დაგეგმილი ფინალური სერიის ჩატარება, თუმცა იმ პერიოდისთვის არსებული კოვიდ-სიტუაციის შესაბამისად, შესაძლოა რაოდენობა 2 მოგებამდე შემცირდეს.
4 მაისიდან აიღებს სტარტს სუპერლიგის საკვალიფიკაციო სერია, რომელშიც ერთამანეთს “ბათუმი” და “კავკასია” შეხვდებიან. ამ შემთხვევაში სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული მომავალი სეზონის სუპერლიგაში ადგილს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ “ბათუმმა” რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. მისი მეტოქე “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული “კავკასიაა”. ისიც აღვნიშნოთ, რომ სუპერლიგა დატოვა ბოლოადგილოსანმა “მგზავრებმა”, რომლის ადგილსაც მომავალ სეზონში “ა” ლიგის ჩემპიონი “მეგა” დაიკავებს.
საკვალიფიკაციო სერიის საწყისი მატჩები 4 და 5 მაისს ბათუმში გაიმართება, ხოლო 8-ში გუნდები თბილისში ითამაშებენ. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 მატჩი 9 მაისს თბილისში, ხოლო მე-5 შეხვედრა ბათუმში, 11 მაისს ჩატარდება.