სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩში “ოლიმპი” “დინამო თბილისს” დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით – 77:67 (სტატისტიკა) დასრულდა. შემადგენლობიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მიმდინარე სუპერლიგის ფავორიტთა რიგებს განეკუთვნება და შეხვედრაც საკმაო ინტერესს იწვევდა.
საბოლოოდ დინამოელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რაც მათი გუნდური თამაშის და დაბალანსებული შემადგენლობის დამსახურებაა. მაკედონიელ მწვრთნელ, მუჰამედ ტაჩის ყველა პოზიციაზე საიმედო კალათბურთელები ჰყავს, რაც ამ მატჩში იმის გარანტია აღმოჩნდა, რომ პირველ პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა დინამოელებს ბოლომდე შეენარჩუნებინათ.
პირველი პერიოდი “დინამომ” 20:10 მოიგო, რის შემდეგაც “ოლიმპმა” წამოიწყო თამაშის გათანაბრებაზე ზრუნვა, რაც პერიოდულად გამოსდიოდა და ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა დაწინაურება ვერ მოახერხა. მესამე პერიოდის შუაში ოლიმპელებმა მინიმუმამდე შეამცირეს დეფიციტი, მაგრამ დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით კვლავ დაიბრუნეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
დინამოელებს ამერიკელმა ახალწვეულმა, ტრეივონ რიდმა და ახალგაზრდა ნიკა დარბაიძემ ულიდერეს. 218 სანტიმეტრი სიმაღლის ამერიკელმა ცენტრმა 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, დარბაიძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა. დინამოელთა ბომბარდირი ახალგაზრდა ლაშა მიქელაძე გახდა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 13 ქულა მიითვალა ლუკა ბულაშვილმა. ოლიმპში 19 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ბუნდუ აბდულაი, 15 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მოერე ტური 24 და 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.