სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში მგზავრებმა ვერა დაამარცხა

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში მგზავრებმა ვერა დაამარცხა

დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე. ჩემპიონატის მონაწილე 11-მა გუნდმა ერთმანეთში თითო მატჩი გამართა და გაირკვა: 10 მატჩიდან 8 მოგებით პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. შემდეგ მოდიან 6 მოგებისა და 4 წაგების მქონე 3 გუნდი, რომელთა შორისაც უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ორივე მატჩის მომგებ დინამოს მიენიჭა. მე-3 ადგილზეა ბათუმი, ხოლო მეოთხეზე – ოლიმპი. 

თანაბარი შედეგით, 5-5 მოგებ-წაგებით დაასრულა პირველი წრე მორიგმა სამმა გუნდმა – ვერამ, ქუთაისმა და რუსთავმა. ამ ტრიოში საუკეთესო იყო და მე-5 ადგილზე განთავსდა ვერა, რომელმაც პირველ წრეში რუსთავიც დაამარცხა და  ქუთაისიც. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მთელი 11 ტურია დარჩენილი, თუმცა ადგილების განლაგებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა თასის გათამაშების კენჭისყრისთვის, რომელიც ხვალ, 23 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება. სუპერლიგის პირველი წრის მოწინავე 5 გუნდი პირველ კალათაში განითესება და მერვედფინალში “ა” ლიგის 5 გუნდთან დაწყვილდება. ხოლო სუპერლიგის VI-VIII ადგილოსნები IX-XI ადგილებზე გასულ გუნდებს შეხვდებიან. 

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში აუტსაიდერმა მგზვრებმა ვერა დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა და ეს პროგრესი ვერასთან მატჩში კარგად გამოჩნდა. ბერიშვილის გუნდმა მეტოქე თავიდანვე ჩამოიტოვა, თუმცა საგრძნობი სხვაობით მესამე პერიოდის 25:19 მოგების შემდეგ დაწინაურდა. ვერელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, მეტოქესთან 6 ქულით მიახლოვება იყო.

საბოლოოდ მგზავრებმა 87:75 გაიმარჯვა და ცხრილში 3 მოგებისა და 7 მარცხის მქონე ცხუმ-აფხაზეთს გაუთანაბრდა, თუმცა ამ გუნდთან პირადი წაგების გამო კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა. გამარჯვებულებს 14 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით ტაჯ სპენსერმა ულიდერა. 23 ქულით ბომბარდირი გახდა დარელ კომბსი, ოთო პერტაიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ვერაში 27 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი. 11 ქულა და 7 პასი ბრენდონ სლაის ანგარიშზე აკუმულირდა.

სუპერლიგაში მთელი იანვარი დასვენება იქნება და მეორე წრე, თებერვლის დასაწყისიდან განახლდება. მანამდე კი სუპერლიგის გუნდები თასის გათამაშებასთან ერთად მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე იასპარეზებენ.

ვერა – მგზავრები
სტატისტიკა: 75:87